პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრები მუნთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს მიმართავენ 05.11.2025 16:39

პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრები მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია მუნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, ასევე განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

როგორც „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაუყოვნებლივ უნდა მოამზადონ ერთიანი სამოქმედო გეგმა ინფექციის მეტად გავრცელების რეალური პრევენციისთვის.

„პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის" ვეხმაურებით ქვეყანაში ზოგადსაგანმენათლებლო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პარაზიტული ინფექციის, მუნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას. პარადოქსული ის ფაქტია, რომ ინფორმაციას მშობლები გვამცნობენ და არა ის უწყებები, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეებში მოზარდების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი, ვინც ვალდებულია, მსგავსი ტიპის შეტყობინება, გაფრთხილება, მისი თავიდან არიდების ინსტრუქცია თავად დააორგანიზოს და მიაწოდოს თითოეულ მოსწავლეს, აღსაზრდელს, თუ მშობელს. კოლეგებთან ერთად დავათვალიერეთ თბილისის რამდენიმე სკოლა, სადაც მუნის შემთხვევები დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო თვითრეგულირებით, ანუ შეშფოთებული მშობლების ინდივიდუალური გადაწყვეტილებით.

რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდენილ რეაგირებას, აღმოჩნდა, რომ არცერთ შემთხვევაში მათ არ ჰქონდათ მიღებული ინსტრუქცია არცერთი კომპეტენტური უწყებიდან გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და თავად გადაწყვიტეს, ემართათ პროცესი. მიმართეს სადეზინფექციო სამსახურს, რომლის მომსახურება გადატვირთული რეჟიმის გამო ყოვნდება, აქედან გამომდინარე, საკუთარი რესურსებით დაიწყეს სკოლის შენობის სანიტარული დამუშავება. ინფექციის ასე მასშტაბურად გავრცელება მიუთითებს სისტემურ გამოწვევებზე - მოშლილია პრევენციული, დამდგარ შემთხვევაზე სათანადო რეაგირების მექანიზმები. ამ შემთხვევაში, საუბარია განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე. აღმოჩნდა, სანიტარული ნორმების სტანდარტები აუხეშად არის დარღვეული სკოლებსა და ბაღებში. არ არსებობს ერთიანი პროტოკოლი, რომელიც დაავალდებულებს სკოლებისა და ბაღების ადმინისტრაციას, დროულად აცნობონ მშობლებს მოსწავლის პოტენციური ინფიცირების შესახებ. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაუყოვნებლივ უნდა მოამზადონ ერთიანი სამოქმედო გეგმა ინფექციის მეტად გავრცელების რეალური პრევენციისთვის. მოგეხსენებათ, მუნი არა მხოლოდ მოზარდებს შორის ვრცელდება სწრაფად, ის შესაძლოა, სოციალურ პრობლემაში გადაიზარდოს. ბავშვების ჯანმრთელობაზე დუმილი დანაშაულია განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფო ინფორმირებულია და არ მოქმედებს", - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

ამასთან, „გახარია საქართველოსთვის" კიდევ ერთი წევრის, ტატა ხვედელიანის თქმით, მოქალაქეები სათანადოდ არ არიან ინფორმირებული არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი პრევენციული ზომების შესახებ.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს, მოგვაწოდონ დეტალური ინფორმაცია სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში მუნის გავრცელების მასშტაბების, ეპიდემიოლოგიური ფორმებისა და მიღებული პრევენციული ზომების შესახებ. მიმდინარე ვითარება ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე - მოქალაქეები სათანადოდ არ არიან ინფორმირებული არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი პრევენციული ზომების შესახებ. დღევანდელი კრიზისული ვითარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სასწავლო პროცესში ჩართული ბავშვების ჯანმრთელობასა და განვითარებას. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, პროაქტიულად და დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ინფექციის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, ასევე განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. აუცილებელია მოქალაქეებმა იცოდნენ, რამდენად ეფექტური იყო პრევენციული ნაბიჯები და შეიძლებოდა თუ არა დროული რეაგირებით დღევანდელი შედეგების თავიდან აცილება", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ