14.11.2025 20:25
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის კორუფციულ სკანდალს ეხმაურება და აცხადებს, რომ კორუფციის მოთმენის შემთხვევაში უკრაინა ომს წააგებს.
„ფრთხილად იყავით კორუფციის მიმართ, ფრთხილად იყავით რუსული მოდელის მიმართ, რადგან თუ ასეთ ინციდენტებს მოითმენთ, ომს წააგებთ", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერის განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მანამდეც გააფრთხილა, კორუფციასთან ყურადღებით ყოფილიყო, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციაზე იმოქმედებდა. დონალდ ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კორუფცია მოსკოვისთვის ყოველთვის ძლიერ არგუმენტს წარმოადგენდა.
„რუსებისთვის ეს ყოველთვის ძლიერი არგუმენტი იყო. ისინი ამბობდნენ: „როგორი სახელმწიფოა? ნუ მიიღებთ მას სერიოზულად. ეს ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა". ევროპაშიც კი ზოგიერთი თვლის, რომ უკრაინა უფრო კორუმპირებულია, ვიდრე რუსეთი. მე ვუთხარი პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ყურადღებით ყოფილიყო მის გარშემო კორუფციის ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი ნიშნის მიმართ, რადგან ეს მისი რეპუტაციისთვის გადამწყვეტია", - აღნიშნა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას და ამის გაკეთებას კვლავ გააგრძელებს, რადგან დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო პოლონეთის ინტერესებშია. თუმცა, დონალდ ტუსკის თქმით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობები „სხვადასხვა პარტნიორის დარწმუნებას, იყვნენ უკრაინის მიმართ სოლიდარული, სულ უფრო რთულს ხდის".
„დღეს პროუკრაინული ენთუზიაზმი გაცილებით ნაკლებია როგორც პოლონეთში, ასევე მსოფლიოში. ხალხი ომით და ხარჯებით დაიღალა, რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის ხელშეწყობა არც ისე ადვილია", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, დონალდ ტუსკის თქმით, შეცდომა იყო იმის მცდელობა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი აღარ ყოფილიყო. თუმცა, მისივე თქმით, უკრაინამ მსგავსი მცდელობები შეწყვიტა.
„მათ უკან დაიხიეს და, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში უკრაინის მთავრობას და პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილი აქვთ, კორუფციაში ჩართული პირები პასუხისგებაში მისცენ. რძე დაიღვარა და ფასი, ასე თუ ისე, ძალიან მაღალი იქნება", - აცხადებს დონალდ ტუსკი.
ავტორ(ებ)ი :