რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის ევროპული ვარიანტი არაკონსტრუქციულია და მოსკოვისთვის მიუღებელი - იური უშაკოვი 24.11.2025 21:26

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის ევროპული ვარიანტი არაკონსტრუქციულია და მოსკოვისთვის მიუღებელი. ამის შესახებ მან მედიას განუცხადა.

„რაც შეეხება ევროპულ გეგმას, რომლის შესახებაც დილით გავიგეთ, ის აბსოლუტურად არაკონსტრუქციულია და მიუღებელია ჩვენთვის ერთი შეხედვით. თუმცა ბატონმა რუბიომ გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად კმაყოფილია უკრაინელებთან ჟენევაში გამართული მოლაპარაკებებით. მან ასევე თქვა, რომ იყო 28 პუნქტი, ასევე იყო 26 პუნქტი, ასე რომ, ბევრი სხვადასხვა სპეკულაცია ვრცელდება და გაურკვეველია, ვის დავუჯეროთ. ჩვენ გვჯერა იმის, რაც ვნახეთ და რაც გადმოგვცეს შესაბამისი არხებით“, – თქვა უშაკოვმა.

ამასთან, უშაკოვმა აღნიშნა, რომ ის თავდაპირველი ვარიანტი, რომელსაც რუსეთი გაეცნო, შეესაბამება ალასკაში მიღწეულ შეთანხმებას და ბევრი პუნქტი კრემლისთვის მისაღები ჩანს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აღნიშნავს, რუსული მხარე ელოდება, რომ ამერიკული მხარე მას დაეკონტაქტება შეხვედრისთვის და გეგმის განხილვის დასაწყებად.

„ამ დროისთვის არის გარკვეული სიგნალები ამასთან დაკავშირებით, თუმცა რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმება არ მიღწეულა. ჩვენ ჯერ არ მიგვიღია კონკრეტული შეთავაზება, თუ ვინ და როდის გეგმავს მოსკოვში ჩამოსვლას“, – თქვა უშაკოვმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ