24.11.2025 21:36
პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება. შესაბამისი ცვლილებები – „პოლიციის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს – საპოლიციო საქმის, როგორც პროფესიის პოპულარიზაციას, აკადემიური პოლიციური კადრების ფორმირებას, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას, პოლიციის საზოგადოებაზე ორიენტირებულობის გაძლიერებასა და საპოლიციო საქმიანობაზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.
პროექტში ნათქვამია, რომ პოლიციის აკადემია სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის კადრების მომზადების მიზნით, განახორციელებს საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს.
პროექტით განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი და პირობები. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, დასახელებულ პროგრამაზე მიიღება პირი, რომელიც დააკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაივლის შემოწმებას და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
პროექტში ნათქვამია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება – ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, აგრეთვე სავალდებულო სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის, აღნიშნული მიზნით კი, პოლიციის აკადემია უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოებაზე სტუდენტის დაშვებას. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება-რიგითი, ხოლო კურსდამთავრებულს საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.
პროექტის მიხედვით, პოლიციის აკადემიაში სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება. მთავრობის განმარტებით, სტუდენტთა მიღება პოლიციის აკადემიაში დაგეგმილია 2027 წლის სექტემბრიდან. მათი ცნობით, პოლიციის აკადემიაში მიღებული იქნება 44 სტუდენტი, რომლებიც სწავლის საფასურს არ გადაიხდიან და უზრუნველყოფილნი იქნებიან სწავლისთვის საჭირო ინვენტარით, მასალით, კვებით, შესაბამისი უნიფორმით, წახალისების საშუალებებითა და სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით, ასევე, სწავლის პერიოდში სტუდენტი შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს საერთო საცხოვრებლით.
ავტორ(ებ)ი :