03.12.2025 17:55
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა გასულ თვეს უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი კონგრესში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯონსონს სურდა, რომ ეს კანონპროექტი, სახელწოდებით „მეგობარი აქტი", შეეტანათ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. კანონპროექტი, რომელსაც ფართო მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, პრეზიდენტს მოსთხოვდა სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს უსაფრთხოებას ან სტაბილურობას.
ტუნის გადაწყვეტილება, რომელმაც უარყო ჯონსონის თხოვნა, წარმოადგენს კიდევ ერთ ბზარს ურთიერთობაში, რომელიც სულ უფრო ფრაგმენტული ხდება. ეს იყო მეორე შემთხვევა სამი თვის განმავლობაში, როდესაც ტუნმა დაბლოკა ორპარტიული მოთხოვნა, რომ „მეგობარი აქტი" შეეტანათ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.
„სპიკერი ჯონსონის ლობირება მისასალმებელი იყო, თუმცა არსაიდან გაჩნდა. ვფიქრობდით, რომ კანონპროექტი მკვდარი იყო, მას შემდეგ რაც ტუნმა იგი სექტემბერში დაბლოკა. ვცადეთ, რომ კანონპროექტი სპიკერის თხოვნით ბოლო წამს NDAA-ში შეგვეტანა, თუმცა ტუნის წინააღმდეგობა ვერ გადავლახეთ", - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
„ტუნმა კატეგორიული უარი განაცხადა", - აღნიშნა კიდევ ერთ-ერთმა წყარომ.
ტუნმა მანამდე დაბლოკა „მეგობარი აქტის" შეტანა NDAA-ში სენატორ მარკუეინ მალინის თხოვნით, რამაც იმედი გაუცრუა კანონპროექტის ორპარტიულ მხარდამჭერებს და დააბნია პრო-დემოკრატიული აქტივისტები.
მალინმა 2020 წელს ბრალი დასდო „ქართული ოცნების" მთავრობას იმაში, რომ იგი „ამერიკის მტრებს" უახლოვდებოდა. მაგრამ სექტემბერში მან The Hill-ს განუცხადა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და ამტკიცებდა, რომ თბილისთან მიმართებით სანქციების „ჯოხის" ნაცვლად „სტაფილო" უნდა გამოეყენებინათ.
ავტორ(ებ)ი :