03.12.2025 21:18
„ბიბისის" საგამოძიებო ფილმიდან დადგინდა, რომ „კამიტი" „ნაცებმა" იყიდეს 2009 წელს და „ქოცებმა" გამოიყენეს 2024 თუ 2025 წელს, „ნაცებისგან" მაინტერესებს, მათ მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა „კამიტის" შეძენას, თუ ჰქონდა, რაში სჭირდებოდათ და იყენებდნენ თუ არა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, „ქოცებს" რომ დაუმტკიცდეთ „კამიტის" გამოყენება, საჭიროა, „ნაცებმა" აღიარონ 2009 წელს მისი ყიდვა.
„კამიტის" ამბავის შესახებ მინდა, მოგიყვეთ. „ბიბისის" საგამოძიებო ფილმიდან დადგინდა, რომ „კამიტი" „ნაცებმა" იყიდეს 2009 წელს და „ქოცებმა" გამოიყენეს 2024 თუ 2025 წელს, შეიძლება 2024-შიც და 2025-შიც. „ქოცებმა", მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გომელაურმა თქვა, რომ გვქონდა ეს პრეპარატი, „ნაცების" დროს იყო შესყიდული, მაგრამ ჩვენ არ გამოგვიყენებიაო, შეცვალეს თავიანთი პოზიცია და თქვეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არც ჩვენს დროს, არც „ნაცების" დროს ეს პრეპარატი არ ყოფილაო.
ახლა გამოდის ასეთი ამბავი, რომ „ბიბისი" ამბობს, რომ „ნაცების" დროს არის ნაყიდიო, „ქოცები" ამბობენ, საერთოდ არ ყოფილაო, „ნაცები" ამბობენ, ჩვენ „ბიბისის" გამოძიებას ვენდობითო, ყოველ შემთხვევაში, არ ვენდობითო არ უთქვამთ, მაგრამ არაფერს ამბობენ იმასთან დაკავშირებით, ეს რაღაც თვითონ იყიდეს თუ არა. მგონი, ახლა ის სიტუაციაა, „ქოცებს" რომ დაუმტკიცდეთ ამ „კამიტის" გამოყენება, საჭიროა, „ნაცებმა" აღიარონ 2009 წელს მისი ყიდვა. ანუ აღიარონ ის, რაც „ბიბისის" დოკუმენტურ ფილმშია ნათქვამი. ასე მარტივად არის საქმე.
მე მაინტერესებს „ნაცებისგან", მათ მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა „კამიტის" შეძენას. თუ ჰქონდა, რაში სჭირდებოდათ და იყენებდნენ თუ არა. „ქოცებმა" ერთი პასუხიც თქვეს, მეორე პასუხიც და მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან, მაინც ვერ ენდობი მაგათ. „ნაცების" სიტყვაა ახლა, ამ წუთას უფრო საინტერესო. იქიდან გამომდინარე, რომ „ქოცებს" რომ დასდონ ბრალი ამ ნივთიერების გამოყენებაში, უნდა აღიარონ, რომ თვითონ იყიდეს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, „ბიბისიმ" გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის" მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს". კერძოდ, „ბიბისი" პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის" მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს". ამასთან, „ბიბისის" ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ".
ამასთან, „ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, „ბიბისის" წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.
ავტორ(ებ)ი :