17.12.2025 21:21
ევროპელებმა მიიღეს მკაფიო სიგნალები იმის შესახებ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას სურს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება შეთანხმების ფარგლებში, რაც ევროპის ლიდერებთან დაპირისპირების საფრთხეს აჩენს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
„ადრე ბევრი კამათი მიმდინარეობდა იმის შესახებ, იყო თუ არა აქტივების კონფისკაცია კარგი იდეა, მაგრამ ახლა საკითხი ასე დგას: თუ ევროკავშირი არ მოახდენს აქტივების კონფისკაციას, ამას აშშ გააკეთებს", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მკვლევარმა, აგატ დემარემ.
„რუსეთის ტაქტიკა ევროკავშირში არსებული განხეთქილებების სათავისოდ გამოყენებას ეფუძნება და ყურადღებას ამახვილებს იმ ლიდერებზე, რომლებიც ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის მსგავსად უფრთხიან ამ იდეას ან უფრო პოპულისტურ კურსს ირჩევენ", - წერს გამოცემა The Washington Post-ი.
ბოლო დღეებში, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, რომელიც ტრამპის მოკავშირეა, ასევე ბულგარეთმა, ჩეხეთმა და მალტამ, აქტივების გეგმის მიმართ ყოყმანი გამოხატეს. ამასობაში, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ეს იდეა პირდაპირ უარყვეს.
ბელგიურ გაზეთ La Libre-თან ინტერვიუში ბელგიის პრემიერმა განაცხადა, რომ ვარაუდები უკრაინაში რუსეთის შესაძლო დამარცხების შესახებ „ზღაპარი" და „სრული ილუზიაა".
მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის დამარცხება არასასურველი იქნებოდა, „რათა არასტაბილურობამ არ მოიცვას ქვეყანა, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს".
ბელგია ითხოვდა კონკრეტულ გარანტიებს იმის შესახებ, რომ მისი მეზობლები სრულად გაიზიარებდნენ რისკებს, თუკი გადახდის დრო დადგებოდა, და რომ სხვებიც აიღებდნენ ვალდებულებას, გამოიყენონ მათ ქვეყნებში არსებული რუსული აქტივები.
ავტორ(ებ)ი :