18.12.2025 20:10
ევროკავშირის სამიტის პარალელურად, ბრიუსელში ევროპარლამენტთან ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამწვავდა.
დემონსტრანტებმა პოლიციას კვამლის ბომბები, ქვები და კარტოფილი ესროლეს, ასევე ქუჩებში დაწვეს საბურავები და სხვა ნივთები, ჩაამსხვრიეს შენობების მინები.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ.
ასობით ფერმერმა დღეს ბრიუსელში ტრაქტორები ჩაიყვანა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით გზები გადაკეტა. ბრიუსელის პოლიცია აცხადებს, რომ დემონსტრაციაზე გაცემული იყო 50 ტრაქტორის ჩამოყვანის ნებართვა, თუმცა აქციაზე ათასამდე მანქანა მიიყვანეს.
ფერმერები აპროტესტებენ სამხრეთ ამერიკის ბლოკთან, „მერკოსურის" ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებას, რომლების ხელმოწერასაც ევროკავშირი გეგმავს. აღნიშნული შეთანხმების საკითხს დღეს ევროკავშირის სამიტზე ლიდერები განიხილავენ.
ევროპელი ფერმერები შიშობენ, რომ მერკოსურის ქვეყნებთან, კერძოდ არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან სავაჭრო შეთანხმების ამოქმედება ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჭარბად შემოსვლას და ადგილობრივი საქონლის გაიაფებას გამოიწვევს.
ავტორ(ებ)ი :