20.12.2025 17:41
ევრობიუროკრატები როდესაც დარწმუნდებიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ნაკლებად აქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის პოზიციები შეჯერებული იქნება.
„ანგარიშში ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ამ ყველაფერზე წინასწარ ვსაუბრობდით. ეს არის იმ რიტორიკის დოკუმენტში გადმოტანა, რომელიც ჩვენ ევრობიუროკრატებისგან გვესმის. გრძელდება შანტაჟი, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. სწორედ ეს იყო, სხვათა შორის, ბატონი ირაკლი კობახიძის ბრიფინგის მოტივიც 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ჩვენ ასეთი შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი - მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა გამოვაცალეთ. ახლა, ბოლო საშანტაჟო აქვთ დარჩენილი, ამას მიჰყვებიან, თუმცა მოლოდინი, რომ იქ პოზიციები შეჯერებული იქნება უშუალოდ ქვეყნებს შორის, პირადად მე უფრო ნაკლებად მაქვს. მგონია, მაინც რაციონალურად იმოქმედებენ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ევრობიუროკრატების ქმედება რაღაც ლოგიკას არ ექვემდებარება. თუმცა, ისინი ვერ დარწმუნდებიან, რო ვიზის შეჩერებით საქართველოში რევოლუცია მოხდება. ამაში რომ ვერ დარწმუნდებიან, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ: „უკიდურეს შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია".
ავტორ(ებ)ი :