26.12.2025 17:41
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციების გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია იმ კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალიამ მადლობა გადაუხადა საგამოძიებო სტრუქტურებს გაწეული სამსახურისთვის.
„წამების და წუთების სიზუსტით, ეს მართლაც უპრეცედენტოა ქართულ საგამოძიებო სივრცეში და ასევე ურთულესი ოპერაცია და გამოძიება მსოფლიო მასშტაბით,რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით იმ ხალხმა ვინც ოდნავ მაინც ერკვევა, თუ რაოდენ რთულია, როდესაც ინტერნეტ აპლიკაციას და დახურულ ქსელეს ეხება გამოძიება, ამ თემის ასე გაშიფვრა.
საზოგადოებამ კარგად მოვისმინეთ სუს-ის ბრიფინგი, თუ როგორ ემთხვევა დროში, პირდაპირ ეთერში უყურებდა საზოგადოება 4 ოქტომბერს იმ „რევოლუციის", „ქვეყნის დამხობის დაანონსებულ " სცენარს. როგორ წუთებით და წამებით იმ ჯგუფის წევრებთან, რომლებიც დღეს არიან დაკავებულნი ამ ბრალდებით, თუ როგორი კომუნიკაცია იყო ამ ყველაფრის მთავარ ორგანიზატორთან. ეს გამოძიებამ ძალიან ნათლად ასახა. მინდა მადლობა გადავუხადო საგამოძიებო სტრუქტურას, ყველას, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს გამოძიებაში, რადგან კიდევ ერთხელ, მართლაც, უპრეცედენტო და ურთულესი გამოძიება ჩატარდა მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც საქმე ეხება ასეთი დონის, ტექნიკურად ასეთი რთული გამოძიების ჩატარებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ ხდებოდა კონსპირაციულ შეკრებები ბატონი ახალაიას სახლში. რატომ იყო მისის მეუღლე ორი თვით ადრე დაკავებული „რევოლუციური სცენარის" კამპანიით და ყველას კარგად გვახსოვს პირველ გამოკითხვაზე რომ იყვნენ დაბარებულები, რა კომენტარები გააკეთეს სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, რომ თურმე 4 ოქტომბერს იქ ძალადობა არ უნახავთ. ასეთ უტიფრობას როდესაც შენ რამდენიმე დღეში პირდაპირ ეთერში საგამოძიებო უწყებიდან გამოსული აკეთებ, ეს მეტყველებს მათ მორალურ სახეზე. ასე რომ კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა საგამოძიებო სტრუქტურებს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურს. ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება დაიდო ამ თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული იყოს თითოეული მათგანი, ვისაც ამ დესტრუქციაში ოდნავი წვლილი მაინც აქვს შეტანილი ბატონი ახალაიას თამადობით, ყველა აგებს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით პასუხს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა.
ავტორ(ებ)ი :