21.01.2026 16:35
სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტომ მოიგონეს, რომ იციან, სააკაშვილი გარკვეულ წრეში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, პოპულარული არ არის, სისხლი აქვს ხელებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ქარტიამ ვერ იმუშავა, მიზეზი კი თაღლითობა და პოლიტიკური უნიათობა იყო.
„რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად. მოხდა ისე, რომ ადამიანები, რომლებიც მას ბილწი და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ, მივიდნენ და ხელი მოუწერეს იმ ქარტიაზე, რომელიც მის ლიდერობას აღიარებდა. იგი დაასახელებდა მთავრობას, დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებს, გაშლიდა ქოლგას და ამ ქოლგის ქვეშ მოაქცევდა ყველას, ვისაც სწრაფვა ევროპისკენ ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ქარტია მოიგონეს, ყველამ ხელი მოაწერა, მაგრამ გაერთიანება ვერ შეძლეს, რადგან თაღლითობა და პოლიტიკური უნიათობაა. სალომე ზურაბიშვილისგან ის ფრინველი ვერ შეიქმნა, „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი მისი".
ოპოზიციას, შეიძლება, გაერთიანების პერსპექტივა აქვს, მაგრამ, გაერთიანების მიუხედავად, იდეა არ იცვლება. სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტომ მოიგონეს, რომ იციან, სააკაშვილი გარკვეულ წრეში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში პოპულარული არ არის, სისხლი აქვს ხელებზე. უნდათ, რომ ისეთი ადამიანი შემოიყვანონ, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, ასევე პაატა ბურჭულაძე, რომლებიც თითქოსდა მსოფლიოში ცნობილები არიან. ადამიანი პრეზიდენტის დროშით დადის და ამბობს, რომ პრეზიდენტია, ეს რაღაც გარკვეულ ფსიქოლოგიურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ვერ იქნება ლიდერი და ლიდერი რომც იყოს, ვერ განახორციელებს ვერაფერ ახალს, გარდა იმ რევოლუციური გეგმის პროპაგანდისა, რომელიც საქართველოს დანგრევას უპირებს. როგორ წარმოუდგენიათ, ვინ შეიძლება ამის გამაერთიანებელი იყოს, ზოდელავა და ბურჭულაძე, თუ ბურჭულაძე ცალკე, სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, თინა ბოკუჩავა, თუ ვინ? რომელი შეიძლება, განიხილებოდეს გამაერთიანებელ ფაქტორად? ყველა ერთია, ნებისმიერი ადამიანი სათავეში ჩაუყენე, გეგმა არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ასე რომ, რეალობაში სალომე ზურაბიშვილის კარტიც უკვე გათამაშდა და ვფიქრობ, ამას თავადვე ხვდება, არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, ყოველდღე იძახოს, რომ საქართველოში ისაა პრეზიდენტი", - განაცხადა ვოლსკიმ.
ავტორ(ებ)ი :