06.03.2026 13:22
ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე - ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას" განუცხადეს.
როგორც „ფორმულაში" აცხადებენ, მედიაორგანიზაციამ სახელმწიფო დეპარტამენტს „ქართული ოცნების" დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის გამართვამდე მისწერა, თუმცა პასუხი ვიზიტის შემდეგ დაუბრუნეს.
„ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის.
სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.
ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად", - აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. ისინი ვაშინგტონში 4-5 მარტს დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ავტორ(ებ)ი :