"პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ" - დავით მათიკაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე 15.03.2026 15:18

 

"ინტერესთა კონფლიქტი და სიცრუით გაჯერებული დოკუმენტი" - "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში "ქართული ოცნებისთვის" წინასწარ დაწერილი და რეალობას აცდენილია.

დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება, პოლონეთის მთავრობის მოქმედმა მრჩეველმა მოამზადა. ოფიციალური თბილისისთვის ეს ფაქტი ანგარიშის ობიექტურობას სრულად გამორიცხავს. ირკვევა, რომ ავტორი, რომელიც ეუთო-ს მიერ "დამოუკიდებელ ექსპერტად" იყო წარდგენილი, სინამდვილეში პოლონეთის საგარეო უწყების იურიდიული კომიტეტის წევრი და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის კონსულტანტია.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დასკვნის მიზანი, კრიზისში მყოფი ოპოზიციის დახმარებაა. ამას მმართველი გუნდისთვის პოლონეთის მთავრობის სხვა ქმედებებიც მოწმობს, მათ შორის, სააკაშვილის შემთხვევა და ექიმების სკანდალი, როდესაც ვარშავის ხელისუფლების მედიკოსთა ჯგუფი "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის ფარულად გატანას ცდილობდა.

"პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული ე.წ. ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ჩვენ თვალნათლივ ვნახეთ, რომ ეუთო-ს ფორმატი იყო გამოყენებული საქართველოზე კვლავ თავდასხმისთვის. სულ რაღაც ორ დღეში მომზადებული დასკვნა, რომელიც არის აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი ობიექტურობისგან, გაჯერებულია თითიდან გამოწოვილი ტყუილებით. მოთხოვნები, რომელიც არის წაყენებული საქართველოს მიმართ, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ. გავაუქმოთ ის საკანონმდებლო დანაწესები, რომელიც იცავს არასრულწლოვნებს ლგბტ პროპაგანდისგან, ქვეყანას გარე, "შავი ფულის" შემოდინებისგან. მთლიანად, მთელი ეს დოკუმენტი წარმოადგენს აშკარა დასტურს იმისა, თუ როგორ იყენებენ ცალკეული ძალები სხვადასხვა ფორმატს, ამ შემთხვევაში კი, ეუთო-ს ფორმატს, იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოაწყონ თავდასხმა", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ