აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო -Axios 28.05.2026 21:32

აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო, - ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი" ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებას და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

 

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, 60-დღიან ურთიერთგაგების მემორანდუმში გათვალისწინებული იქნება ჰორმუზის სრუტეში „შეუზღუდავი" გადაზიდვები. ეს ნიშნავს, რომ არ იარსებებს გადასახადი და შევიწროება და ირანს 30 დღის განმავლობაში მოუწევს სრუტიდან ყველა ნაღმის ამოღება.

 

აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ასევე მოიხსნება, მაგრამ ეს მოხდება კომერციული გადაზიდვების აღდგენის პროპორციულად.

 

ოფიციალური პირების თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიცავს ირანის ვალდებულებას, არ შეიმუშაოს ბირთვული იარაღი. მასში ასევე მითითებული იქნება, რომ 60-დღიანი ფანჯრის განმავლობაში მოსალაპარაკებელი პირველი საკითხები იქნება ირანის მაღალგამდიდრებული ურანის განკარგვა და ირანის გამდიდრების საკითხის მოგვარება.

 

აშშ აიღებს ვალდებულებას, მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილოს სანქციების შემსუბუქება და ირანის გაყინული თანხების გათავისუფლება. ურთიერთგაგების მემორანდუმი ასევე მოიცავს მექანიზმის განხილვას, რომელიც დაეხმარება ირანს საქონლისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღების დაწყებაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ