19.06.2026 13:40
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
ექიმი ჩახუნაშვილი ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყო თავისუფლებაზე.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება ასევე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. საერთო ჯამში, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.
ავტორ(ებ)ი :