4 ოქტომბერს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, დამარცხდნენ ისინი, ვინც ქვეყნის გადატრიალებას და 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდა -შალვა პაპუაშვილი 15.10.2025 13:10

4 ოქტომბერს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, დამარცხდნენ ისინი, ვინც ქვეყნის გადატრიალებას და 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პაპუაშვილის განცხადებით, დემოკრატიამ გაიმარჯვა და ქართველი ხალხი გავიდა არა ოთხში ოთხ საათზე ქვეყნის გადასატრიალებლად, არამედ გავიდა ოთხში რვა საათიდან საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოლიტიკური ნების დასაფიქსირებულად.

„4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი. ვიხილეთ, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ, ვხედავდით მხარდაჭერას გარედან. სამწუხაროდ პირდაპირი მხარდაჭერა ვიხილეთ გარედან სახელმწიფო გადატრიალების წინასწარი დაანონსებული შეკრების მიმართ, მაგრამ დემოკრატიამ გაიმარჯვა და ქართველი ხალხი გავიდა არა ოთხში ოთხ საათზე ქვეყნის გადასატრიალებლად, არამედ რვა საათიდან საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოლიტიკური ნების დასაფიქსირებლად. გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, დამარცხდნენ ისინი, რომლებიც ქვეყნის გადატრიალებას, ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდნენ და რომლებმაც ოთხში საღამოს დადგეს სცენები, რომელიც იმეორებდა და მეხსიერებაში აბრუნებდა კადრებს, რომლებიც 90-იანებიდან გვახსოვს.

ერთადერთი სხვაობა იყო, რომ ის კადრები შესაძლოა ბევრს შავ-თეთრ ფერებში ახსოვს და ეს უფრო ახალი კადრები იყო. შინაარსი და ბოროტი სულისკვეთება ზუსტად იგივე იყო, რასაც ვაკვირდებოდით. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ წარმატებულად ჩატარებული არჩევნები და განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს კოლეგას ბატონ დავით კოდუას, რომელიც არჩეულია ზუგდიდის მერად. ის დღეს არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, ზუგდიდშია და დაკავებულია საქმეებით, რომელიც როგორც მერს ელის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაპირება, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში პირველ ტურში გაიმარჯვებდნენ მერობის კანდიდატები, შესრულდა.

„მათ შორის წალენჯიხაში „ქართულმა ოცნებამ“ დაიბრუნა უმრავლესობა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი მოსახლეობის სიბრძნეს, სწორედ ხედავს ყველაფერს, აანალიზებს, ერთმანეთისგან არჩევს ცუდს და კარგს, ბოროტსა და კეთილს, იღებს ბრძნულ გადაწყვეტილებებს. პარლამენტის სახელით, მადლობა ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ბრძნული ნაბიჯი გადადგეს დემოკრატიულ პროცესში საკუთარი მონაწილეობით. მადლობა ქართველ ხალხს ამგვარი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ