მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა 15.10.2025 16:16

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების  დადებით დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მონაწილეობაზე ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება. აღინიშნა, რომ შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა ისინი უფრო აქტიურად გავიდნენ ჩინეთის ბაზარზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს შანხაის გამოფენაზე 2018 წლიდან მონაწილეობს და ამ შესაძლებლობით 120-ზე მეტმა ადგილობრივმა ექსპორტიორმა ისარგებლა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მიმდინარე გამოფენაზე 40-ზე მეტი წამყვანი ქართული კომპანია სამ პავილიონში იქნება წარმოდგენილი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორც შანხაის გამოფენა, ისე სხვა ორმხრივი ეკონომიკური აქტივობები ხელს შეუწყობს ჩინეთთან სტრატეგიული ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გამყარებას.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში. აღინიშნა, რომ უვიზო რეჟიმმა და დამატებითი ფრენების დაწყებამ საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელი შეუწყო ტურისტული ნაკადების ზრდას. ასევე ხაზი გაესვა ახალი მიმართულებების დანიშვნისა და სიხშირეების მატების მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.   

 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ