როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს -პრემიერი 17.10.2025 00:33

როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს, შესაბამისად, არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა იმ კანონის მიღებას, რომელიც დღეს, უკვე, 3 მოსმენით მიიღო პარლამენტმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ამით შეწუხებულები არიან უცხოელი აგენტები, რომლებიც 50 კაცით კეტავენ ქუჩას და მათი პატრონები, თუმცა კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს და რაც მთავარია, ის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

„სცადეთ ფინეთში და ერთი წლის განმავლობაში 50 კაცით გადაკეტეთ ჰელსინკის ცენტრალური გამზირი, სცადეთ და ნახეთ, რა რეაქცია იქნება. როგორც ხდება ხოლმე ევროპის ქალაქებში, ან ცხენებით გადაგთელავენ, ან მძიმედ მოგხვდებათ რაიმე მძიმე საგანი, ხელკეტით დაწყებული, სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით, ამუნიციით დამთავრებული. ვინ გადაგაკეტინებს ჰელსინკიში 50 კაცით ერთი წლის განმავლობაში ქუჩას. ეს ხომ აბსურდია. რას ვაკეთებთ ჩვენ - თავიდან დადგინდა ჯარიმები, გაიზარდა ჯარიმები, რომლითაც უკმაყოფილო იყო არამარტო ოპოზიცია, არამედ მათი პატრონებიც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ბოლომდე ეფექტური, ვიღაცისთვის იყო ეფექტური, ვიღაცისთვის - არა. არიან ადამიანები, რომლებსაც 200 000 ლარი და მეტი აქვთ დაგროვილი ჯარიმებად, თუმცა არც შემოსავალი აქვთ, ვერც ამოიღებ და არ აინტერესებთ, მაინც კეტავენ ქუჩას. რადგან არაეფექტური იყო ფულადი სანქცია, ჩვენ გადავედით სხვა სანქციაზე, რაც ითვალისწინებს ჯერ ადმინისტრაციულ პატიმრობას და განმეორების შემთხვევაში უკვე სისხლისსამართლებრივ პატიმრობას, რაც, ბუნებრივია, უფრო ეფექტური იქნება. როცა 50 ადამიანი, გინდა 300 ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და როგორ შეიძლება, ამაზე თვალი დახუჭოს ხელისუფლებამ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობაზე, მათ წინაშე ვართ პასუხისმგებლები. ამაზე თვალს ვერ დახუჭავს ხელისუფლება, შესაბამისად, არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა იმ კანონის მიღებას, რომელიც მიიღო დღეს უკვე 3 მოსმენით პარლამენტმა. რა თქმა უნდა, ამაზე შეწუხებულები არიან უცხოელი აგენტები, რომლებიც 50 კაცით კეტავენ ქუჩას, ასევე მათი პატრონები, თუმცა ამას არავითარი ალტერნატივა არ აქვს და რაც მთავარია, არის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში,"- განაცხადა პრემიერმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ