მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი -მარტა კოსი 20.10.2025 10:51

ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ წახალისებულია ევროპის, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია. ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში მოვლენები შემაშფოთებელია.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ასევე გამოკითხვებშიც საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. როგორც იცით, ოპონენტები დაპატიმრებული არიან, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კი აჩუმებენ. ამავდროულად, ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ წახალისებულია ევროპის, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია. ამიტომ ჩვენ ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი", - განაცხადა მარტა კოსმა.

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ხელმძღვანელობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე ომი, მოლდოვის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ევროკავშირთან ურთიერთობა და სუდანში არსებული ვითარება. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს საკითხიც. შეხვედრის ბოლოს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც თბილისის დროით 16:45 საათზეა ჩანიშნული.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ