24.10.2025 12:25
სამწუხაროა, რა რეალობის წინაშეც დავდექით, მოსასმენად მძიმეა, როცა საკითხი თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს ეხება, მაგრამ რეალობა ეს არის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტი დაუშვებელი და მიუღებელია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
„კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ. სამწუხაროა, მაგრამ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები. გამოძიება გაგრძელდება. ალბათ, უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი. კანონს დაცვა სჭირდება და კანონი ყველგან იქნება დაცული. ჩემს ნათქვამში ემოციური, სამართლებრივი ნაწილი და ის პასუხისმგებლობაც სრულად გასაგებია, რასაც თავად მეც ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ემოციური კავშირი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილსაც გულისხმობს, როცა საქმე იმ თანამებრძოლს და თანაგუნდელს ეხება, რომელსაც მაღალი ნდობა ჰქონდა. კანონის დაცვა ყველგან საჭიროა.
პარლამენტს საკანონმდებლო დონეზე კანონმდებლობა საკმაოდ გამართული აქვს. სწორედ ამიტომ გახდა დაუშვებელი ის, რომ მაღალი თანამდებობის პირს ბიზნესი და შემოსავალი ჰქონდეს. ამ თვალსაზრისით, კანონმდებლობაში ხარვეზი არ არის, მაგრამ როცა ასეთი ფაქტი ხდება, რაც დაუშვებელი და მიუღებელია, ვფიქრობ, საზედამხედველო კონტროლი სადღაც გასააქტიურებელია. პროკურატურის მოთხოვნა რელევანტურია თუ არა, ამას სასამართლო გადაწყვეტს", - განაცხადა ხუნდაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდება წარედგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს.
ავტორ(ებ)ი :