,,ორ კვირაში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს''- პაველ ჰერჩინსკი 24.10.2025 19:28

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ორ კვირაში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს.

მისივე თქმით, ეს იქნება ევროკომისიის ძალიან დიდი, არსებითი დოკუმენტი.

„საქმე როდესაც ეხება შეფასებას, როგორ მუშაობს საქართველო, როგორ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც მიიღო კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს – ორ კვირაში, 4 ნოემბერს, საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება. ეს იქნება ევროკომისიის ძალიან დიდი, არსებითი დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, რა მოხდა საქართველოში გასულ წელს და როგორ არის ეს დაკავშირებული საქართველოს მისწრაფებებთან, შეუერთდეს ევროკავშირს. გაიმართება უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის და გაფართოებაზე პასუხისმგებელი კომისრის, მარტა კოსის პრესკონფერენცია. იმავე დღეს, 4 ნოემბერს, მეც გავმართავ პრესკონფერენციას და ვუპასუხებ შეკითხვებს, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს საქართველო“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს ვიზების შეჩერების საკითხზე, თუ რა საფუძველი აქვს ამ მოთხოვნას, რაზეც ჰერჩინსკიმ უპასუხა:

„ბევრი თვის განმავლობაში ხშირად ითქვა ბრიუსელში, რომ საქართველო უკან იხევს დემოკრატიული პრინციპებისგან, რაც არის  საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგი. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერება. 27 ქვეყნის მინისტრები ამ საკითხს თვეების განმავლობაში განიხილავენ და განხილვებს გააგრძელებენ. პარალელურად, საქმე გრძელდება საერთო რეგულაციებზე, რომელიც ეხება უვიზო მიმოსვლას მსოფლიოში ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც სარგებლობენ ევროპასთან უვიზო რეჟიმით. ეს დისკუსიები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს წლიურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის საორიენტაციო მაჩვენებლებს. შემდეგ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, როგორი რეაგირება იქნება. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას კვალიფიციური უმრავლესობა მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა წარმოადგენს ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობას“.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ