24.10.2025 20:23
24 სექტემბერს ევროპული ქვეყნების ადგილობრივმა საელჩოებმა გამოაქვეყნეს არაფორმალური ერთობლივი განცხადება, დაგმეს ძალადობა და მოუწოდეს დიალოგისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ერვოკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიციაა ნებისმიერი ძალადობის დაგმობა.
„მინდა, ხმამაღლა და ნათლად განვაცხადო, ევროკავშირი გმობს ძალადობას ნებისმიერი სახით, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი პირის მიერ. ეს ევროკავშირის პოზიციაა. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს, 5 ოქტომბერს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში პასუხისმგებელმა კომისარმა, მარტა კოსმა, გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოუწოდებენ, არ დაუბრუნდნენ ძალადობას. ასევე მინდა ვთქვა, რომ არჩევნებამდე 10 დღით ადრე, 24 სექტემბერს ევროპული ქვეყნების ადგილობრივმა საელჩოებმა გამოაქვეყნეს არაფორმალური ერთობლივი განცხადება, რომელშიც 27 ევროპულმა ქვეყანამ, აქედან ევროკავშირის 25-მა წევრმა და 2 არაწევრმა ქვეყანამ, დაგმო ძალადობა და მოუწოდა დიალოგისკენ. ეს არის ევროკავშირის ძალიან მკაფიო პოზიცია.
მინდა, ცხადად აღვნიშნო, ევროკავშირი საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს. ჩვენ ეს ადგილობრივ არჩევნებამდე ათი დღით ადრე ნათლად განვაცხადეთ. იყო უპრეცედენტო, ევროკავშირის 27 ქვეყნის საელჩოს განცხადება. ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოვუწოდებთ ყველას დიალოგისკენ. ეს არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, სახაროვის პრემიის გამარჯვებულები, მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩიბუტი ევროპარლამენტისთვის ჟურნალისტური თავისუფლებისა და გამბედაობის სიმბოლოები არიან.
„მივესალმე იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, პატიმრობაში მყოფი ორი ჟურნალისტისთვის – ანდჟეი პოჩიბუტის და მზია ამაღლობელისთვის სახაროვის ყოველწლიური პრემია მიენიჭებინა. ეს ორი ჟურნალისტი ევროპარლამენტისთვის არის სიმბოლო ჟურნალისტური თავისუფლების და გამბედაობის, გამოხატონ საკუთარი აზრი და გააკრიტიკონ ხელისუფლება. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა მიიღო“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ავტორ(ებ)ი :