საქართველოს პოლიტიკური ასაკი -ტიერი ბერიშვილი, რამაზ პაპუაშვილი 28.10.2025 10:59

ჩვენ ძველი ხალხი ვართ. ისტორიულმა ქარტეხილებმა - შემოსევებმა, რევოლუციებმა, ოკუპაციებმა, რომლებმაც მკვლელობების, მრისხანების, იმედგაცრუებებისა და აჯანყებების ტალღებად ზვირთდებოდა - ჩვენი ხასიათი განსაკუთრებულად გამოაწრთო. ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე, სხვაზე უკეთ ვემსახურებით მას. ჩვენ მიწის შვილები ვართ,  მიწათმოქმედებას ვეწევით, მიწა არასოდეს იტყუება. ჩვენთან სიკვდილი არ არის უბედური ცხოვრების საფასური, არამედ განცვიფრებისა და ემოციების ციკლის დასასრული. ჩვენ ახალგაზრდა ერი ვართ და იმ ადგილზე, სადაც ვიმყოფებით - იმპერიების გზაჯვარედინზე - ჩვენ ავირჩიეთ დასავლეთის ფესვებთან დარჩენა, მისი ლიბერალური და დემოკრატიული წყობა ჩვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენის სამსახურში.


ვინც გვაკვირდება და გვაფასებს, მოგვიტევოს სისუსტეები. ჩვენ სიბნელიდან მოვდივართ, დასუსტებულნი და გაღარიბებულნი. საჭიროა ერთდროულად ავაშენოთ სახელმწიფო სტრუქტურა, ჯანსაღი ეკონომიკა და დემოკრატიული პრაქტიკა. წლების ქაოსური მცდელობების შემდეგ, სადაც არეულობა იყო ჩვენი გზამკვლევი, ახალი ეპოქის ზღვარზე ვართ, სოციალური და სტრატეგიული ინფრასტრუქტურების შექმნისა და ძლიერი ეკონომიკური განვითარების პერიოდში.


შეინიშნება ინტერვენციები, ვიკვეთებით ჩვენთვის არასასურველ ინტერესებთან. ჩვენ ავირჩიეთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები ყველა მეზობელთან. რა თქმა უნდა, ჩვენი ცივილიზაცია თავისი არსით დასავლურია, რაც გვავალდებულებს პარტნიორულ ურთიერთობებს ევროპასთან. მაგრამ საჭიროა დრო - სიმწიფის დრო.


თუ გვინდა, გვაღიარონ როგორც სუვერენული ერი, სტაბილური და ორგანიზებული სახელმწიფო, სადაც მოქალაქეთა უფლებები დაცულია, აუცილებელია დემოკრატიული პრაქტიკის დამკვიდრება.არსებობენ საზოგადოებები, სადაც ტრადიციული დემოკრატიული პრაქტიკა არ არის დანერგილი. იქ არ არის შესაბამისი პირობები: ისინი ახშობენ ინიციატივებს, კლავენ საერთო ინტერესს, აფერხებენ კულტურულ და სოციალურ განვითარებას. დემოკრატიული პრაქტიკა მოითხოვს მარტივ წესებს და მათ მიღებას საზოგადოებაში საერთო ხედვის საფუძველზე.


თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულ უმრავლესობისა და ოპოზიციურ პარტიებს თითოეულს თავისი როლი აქვს. თუ პირველი ფლობს მმართველობის უფლებას, მეორეს აკისრია კონტროლის, შემოთავაზების, კომისიებში მუშაობის, კრიტიკისა და კანონების გაუმჯობესების ვალდებულება. ეს რთული ხელოვნებაა, მაგრამ სინამდვილეში, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ დემოკრატიული პრაქტიკის ასეთი შეგნების დონემდე.საქართველოში დემოკრატიული ნება არსებობს, ამას ვერავინ უარყოფს. მრავალი პარტია, დამოუკიდებელი პრესა და მედია, ჩამოყალიბებული სახელმწიფო, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები - ეს ყველაფერი არსებობს. სამწუხაროდ, დემოკრატიის პრიმიტიული გაგება, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთ მიზნად მიიჩნევს და ავიწყდება, რომ წარმომადგენლობითი უმცირესობაც ატარებს ფუნდამენტურ პასუხისმგებლობას. უკვე ორი მოწვევის შემდეგ ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში მუშაობაზე, ტოვებს უმრავლესობას კონტროლის გარეშე. ეს მდგომარეობა სახიფათოა თვით უმრავლესობისთვისაც, რადგან კრიტიკისა და კონტროლის გარეშე მას შეიძლება მოეჩვენოს, რომ შეუძლია ყველაფერი, შესაძლოა, გადახრებამდეც მივიდეს.


როდესაც პარლამენტში ოპოზიცია არ მონაწილეობს, იგი თავის აზრს ქუჩაში გამოხატავს - მაგრამ სიძნელე ის არის, რომ ვინც დემონსტრაციაზე გამოდის, ხშირად თავადაც ვერ აღწერს, რას ითხოვს. თვითონ ქუჩაც კი ხდება უცხოეთის ჩარევის ობიექტი, რომელიც საკუთარ ინტერესებს ემსახურება. ეს ვითარება სერიოზულია იმ მხრივაც, რომ იგი აფერხებს საქართველოს საბოლოო ინტგეგრაციას დასავლურ სამყაროში, რომლის ნაწილად ყოფნასაც ესწრაფვის.


ამის მიზეზები არსებობს. პირველი ისაა, რომ საზოგადოებრივმა აზრმა სამთავრობო პარტიას დაუჭირა მხარი - სტაბილურობის, მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების სახელით, დემოკრატიისადმი პატივისცემის პირობებში. შედეგები ოპოზიციას სანდო არგუმენტებსა და ლიდერებს ართმევს, თითქოს უმრავლესობამ მთელი სასარგებლო პოტენციალი შთანთქა. მიუხედავად ამისა, პროპორციული არჩევნები საშუალებას იძლევა გამოიხატოს აზრთა სხვადასხვაობა და მათი წარმომადგენლობა პარლამენტში. 54%-ით უმრავლესობის პარტია თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით შორსაა „ცუნამის" ძალისგან, ხოლო ოპოზიცია 46%-ით შორსაა მარცხისგან - მას აქვს საკმარისი რესურსი ძლიერი წარმომადგენლობისთვის პარლამენტში. პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა, ეს არის არა ცივილური, ლაჩრული, დემოკრატიისთვის შეურაცხმყოფელი და ქვეყნის უმაღლესი ინტერესებისადმი ღალატის ტოლფასი ქმედება.


ჩვენ ვდგავართ დემოკრატიული უმწიფრობის ფაქტის წინაშე, რომელიც პოლიტიკურ კადრებში ფართოდ ვლინდება. ეს ვითარება საფრთხეს უქმნის მეორე პალატის - სენატის - შექმნის იდეას, რომელსაც წარმომადგენლობით დემოკრატიებში განსხვავებული წვლილი შეაქვს დებატებში. საქართველოს მსგავსი მცირე ქვეყნისთვის, სადაც პოლიტიკური კადრები შეზღუდულია, საჭიროა სხვა ფორმატის წარმოდგენა - არა არჩეული, არამედ დანიშნული სენატის, როგორც ეს ინგლისურ „ლორდთა პალატაშია", სადაც წევრები აღიარებული კრიტერიუმებით ინიშნებიან. გამოცდილების, ინტელექტუალური ღირებულების უპირატესობის მიცემით და პოლიტიკური ამბიციებისგან თავისუფალი წესით, ამგვარი „სახელმწიფო მრჩევლები" დემოკრატიულ დებატებში შეიტანდნენ ცნობიერებას, შეფასებებს, დამაბალანსებელ და ხარისხობრივ ელემენტებს, ასევე - კარგ რჩევებს ხელისუფლებისთვის, რომელსაც მათი მიღება თავისუფლად შეუძლია.


გასარკვევი იქნება ვინ იქნებიან „მრჩევლები"და რომელი ორგანო წარადგენს და დანიშნავს მათ. მაგრამ დროთა განმავლობაში იდეა თვითონ იპოვის პასუხს, რაც არც ისე ძნელი იქნება, რადგან ქართულ საზოგადოებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში, მრავლად არიან ღირსეული, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ საკითხებზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდნენ.
სურს შევეხო მძიმე ვითარებას, რომელიც უკავშირდება 4 ოქტომბრის ქუჩის დემონსტრაციებს და საერთაშორისო მედიის გამოხმაურებებს, რომლებმაც ქვეყნის დისკრედიტაცია და არასტაბილური იმიჯი შექმნეს. ისინი არგუმენტად იყენებენ, თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთისადმი დამორჩილებულია. სინამდვილეში ეს იყო შეთანხმებული საინფორმაციო კოალიცია - სავსე უზუსტობებით, სიცრუითა და მიზანმიმართული ტენდენციებით - რომლის უკან დგანან კონკრეტული პასუხისმგებელი პირები.


ამ ფაქტის არსი მის შიგნით, სიბრმავე, განათლების ნაკლებობა, სახელმწიფოს მართვის არცოდნაა ოპოზიციის ლიდერთა მხრიდან და მათი მარტივი არგუმენტები, რომლებიც ვერ უძლებენ რეალობის კრიტიკას. გარედან კი - მიუღებელი ჩარევა, ძველი იმპერიების ტონის შესაბამისი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა მოქმედი ფიგურების მხრიდან - დესტაბილიზაციის პროფესიონალებისგან. ორივე ძალა ერთ მიზანს ემსახურება: ძალაუფლების მოპოვებას არეულობის გზით.


სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა პრეზიდენტის რანგში,  2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე მოამზადა ნიადაგი შედეგების არაღიარებისთვის, მთავრობის მიმართ ზეწოლისა და ძალადობის ბრალდებებით, მაშინ როცა კარგად იცოდა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, როგორც ეს დამკვირვებლებმაც აღნიშნეს. მან შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადა, რათა შეენარჩუნებინა თანამდებობა თავისი ვადის ბოლოს, მაგრამ მთავარი მიზანი იყო უცხოელი პარტნიორებისა და ევროკავშირის დარწმუნება საკუთარ პოზიციებში. გარდა ამისა, მისი ძმა, ოთარ ზურაბიშვილი, რამდენიმე მეგობართან ერთად პარიზიდან ხელმძღვანელობდა ფართო საინფორმაციო კამპანიას პრესასა და ტელევიზიებში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რითაც ზიანს აყენებდა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. ჟურნალისტთა და „ექსპერტთა" არაერთი კომენტარი ვნახეთ, რომელიც ბრალად სდებდა საქართველოს მთავრობას „პრორუსულობას", იმავდროულად გამოხატავდა აშკარა სიმპათიებს „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი", რომელიც ყოველთვის იყო „სასურველი სტუმარი" როცა საქართველოზე საუბრობდნენ.


კონკრეტული, ორგანიზებული  ნაბიჯები მედიასა და პოლიტიკაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, გამოყენებულ იქნა იმ საგარეო ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ევროკავშირის წარმომადგენლებმა განახორციელეს დაუშვებელი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, სხვა ქვეყნების მთავრობები აჰყვნენ ოპოზიციის მოთქმას ბრიუსელსა და ვაშინგტონში. თუმცა არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ ურჩია ოპოზიციას პარლამენტში მუშაობა, არცერთ მედიას არ მიუჩნევია საჭიროდ, დაკავშირებოდა საქართველოს მთავრობას და მოესმინა მისი პოზიცია. ეს ყველაფერი არის ერთიანი გეგმის შედეგი - ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული, დემოკრატიულ პრაქტიკასთან შეუთავსებელი ქმედება.


ეს განმეორებადი ქმედებები ეწინააღმდეგება ერის უმაღლეს ინტერესებს. სალომე ზურაბიშვილისა და მისი ძმის, ოთარის მიუღებელი საქციელი არის ქართველი ხალხის პრიორიტეტების გაუგებრობის, მათი ფრანგული აღზრდისა და ქართული საზოგადოების ღრმა კულტურის შორის არსებული განსხვავების შედეგი, ასევე მათი მცდელობა, საკუთარი თავი ამ საზოგადოებაზე მაღლა დააყენონ. ამავე დროს ისინი ზიანს აყენებენ ევროპასა და მთელ მსოფლიოში არსებულ ქართულ დიასპორებს, ჩვენს სპორტსმენებსა და ხელოვანებს. ისინი თესავენ განხეთქილებას. ამდენი ამპარტავნება და სიძულვილი! ქართველები უკეთესს იმსახურებენ! 

ტიერი ბერიშვილი, რამაზ პაპუაშვილი 

პარიზი, საფრანგეთი

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ