2022-2024 წლები იყო გამორჩეულად რთული ქვეყნისთვის, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს სარგებლის მიღება, რაც, პირველ რიგში, ქვეყნის ღალატია -ირაკლი კობახიძე 31.10.2025 15:38

 

2022-2024 წლები იყო გამორჩეულად მძიმე და რთული წლები ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთ მძიმე პირობებში, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება. პირველ რიგში, ქვეყნის ღალატია, როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, ზეწოლა, წნეხი, უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობაა და ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დღეს მთავრობას აქვს შესაძლებლობა, ყველა ზომა მიიღოს, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ.

 

„შეგახსენებთ, 2022-2024 წლები იყო გამორჩეულად მძიმე და რთული წლები ჩვენი ქვეყნისთვის. იყო უსამართლობა, უხეში ზეწოლა, ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, პირდაპირი მოწოდებები, პირდაპირი მოთხოვნები ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ძალიან რთული სამი წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ვგულისხმობ 2022-2024 წლებს, როდესაც უამრავი მიმართულებით იყო ფრონტი გაშლილი, საბედნიეროდ, არა საომარი, არამედ ფრონტი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. ასეთ ვითარებაში, ასეთ მძიმე პირობებში, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა, გვარებს არ ვასახელებ, გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება. გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, ქვეყნის ღალატია, როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, ამხელა ზეწოლა, წნეხი, უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობაა და ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე. ეს არის პრინციპულად არასწორი.

 

არ მინდა, უფრო უხეში შეფასება გამოვიყენო. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, მინდა, შეგახსენოთ, რომ უკვე 2023 წლის დეკემბერში, როდესაც გარკვეული ინფორმაცია შეიძლება იყო ცნობილი ჩვენთვის, ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და გააკეთა კონკრეტული განცხადებები, ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები. ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება უკავშირდებოდა სწორედ კორუფციას. 2024 წელი იყო ურთულესი, სხვადასხვა მიმართულებით უმძიმესი ზეწოლა, თან საარჩევნო წელი იყო, სერიოზული პრობლემები ქვეყნის წინაშე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში, ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და დღეს გვაქვს იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, ყველა ზომა მივიღოთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ. ვიღაცებმა რაღაცები შეიძლება ვიცოდით, სწორედ ამის გამო გაკეთდა კონკრეტული განცხადებები უკვე 2023 წლის დეკემბრიდან და გარკვეული დრო დასჭირდა გადამჭრელი ზომების მიღებას“, – განაცხადა პრემიერმა.

 

კობახიძის თქმით, მაქსიმალური ზომებია მიღებული, რათა კორუფციის პერსპექტივა ნულამდე დავიდეს.

 

„რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, მინდა, შეგახსენოთ ერთი რამ, კორუფციასთან ბრძოლა არ არის მარტო კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა. კორუფციასთან ბრძოლა, პირველ რიგში, გულისხმობს სისტემის გახსნას, გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. პირველ რიგში, ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რასაც ვაკეთეთ ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, როცა ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, 2024 წლის თებერვლიდან. მაქსიმალური ზომები მივიღეთ, რათა კორუფციის პერსპექტივა დაგვეყვანა ნულამდე. მთავრობის ყველა აქტი 2024 წლის თებერვლიდან არის სრულიად ღია და გამჭვირვალე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩახედოს, გამოქვეყნებულია ათასობით აქტი. ერთი აქტიდან მაინც თუ ამოიკითხავთ კორუფციის ნიშნებს, მზად ვართ, გავცეთ კითხვას პასუხი. ასევე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ტენდერებთან, შესყიდვებთან დაკავშირებით. ყველა პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვებთან, ტენდერებთან, იქნება აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე. აქაც პრაქტიკა რადიკალურად შეიცვლება. პირდაპირი მიყიდვა ხდებოდა ძალიან ხშირად და პირდაპირი წესით ქონების გასხვისება. ასეთ პირობებში ბიუჯეტი კარგავდა თანხებს. 2024 წლის თებერვლიდან ყველა ობიექტი გადის აუქციონზე. ანუ, მთავრობის ჩამოყალიბების დღიდან ყველა ობიექტი გადის აუქციონზე. შესაბამისად, აქაც თეორიულადაც შეუძლებელია რაიმე კორუფციული გარიგების დადება, ეს არის მთავარი, როცა ვსაუბრობთ კორუფციის დაძლევაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ