კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ-ლევან მაჭავარიანი 04.11.2025 12:28

დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს, რა მოლოდინი აქვს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის გამოქვეყნებაც დღეისთვის იგეგმება.

„კონკრეტული ევრობიუროკრატები „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს როცა აკეთებენ, მათ ფაქტები ვერ მოჰყავთ, მტკიცებულებები არ აქვთ და მხოლოდ აღქმებით საუბრობენ. დღემდე არ დამთავრებულა საუბარი იმაზე, 2024 წლის არჩევნები ლეგიტიმური იყო თუ - არა. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო. ჩვენი ლეგიტიმაციის წყარო ქართველი ხალხია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ანგარიში იყო პოზიტიური. ევრობიუროკრატებს ეს ანგარიში არ აწყობდათ, შესაბამისად, აღარ ითვალისწინებდნენ. კარგად გახსოვთ, რა კამპანიას ეწეოდნენ ევრობიუროკრატები ეუთო/ოდირის ჩარეცხვასთან დაკავშირებით, თითქოს, ეს არის კორუმპირებული, ჩვენ მიერ მოსყიდული ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამ რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე პოლიტპატიმრებს უწოდებენ იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებმაც დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი, არ აღიარებენ არჩევნებს, პატივს არ სცემენ ჩვენს სუვერენიტეტს. დიდი იმედი, მოლოდინი გვაქვს, რომ 2030 წელი როცა მოვა, ევროკავშირის გაფართოების წელი, იმ დროისთვის იქ ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. დარწმუნებული ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და საღი აზრი გაიმარჯვებს. რეალურად, დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რის გამოც ევროკავშირში მივისწრაფვით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ