,,როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება''- რასა იუკნევიჩიენე 04.11.2025 17:44

 

როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება, მოგიწოდებთ, უფრო თამამად უპასუხოთ მათ გამოწვდილ ხელს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

იუკნევიჩიენეს შეფასებით, „ქართული ოცნება“ ევროპულ გზაზე არ დაბრუნდება.

„ამ დარბაზში  მყოფი რამდენიმე კოლეგა მონაწილეობდა გასულ კვირას ერევანში, „ევრონესტის“ ასამბლეის სესიაში. როგორც ჩანს, სომხეთი ხდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი, მაშინ როდესაც საქართველო გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც თქვენ აღწერეთ. მოგიწოდებთ, უფრო თამამად უპასუხოთ სომხების მიერ ჩვენთვის გამოწვდილ ხელს. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო რეალისტები საქართველოსთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე. ეს არის კრემლის მარიონეტული რეჟიმი. ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც უკვე ერთი წელია, ქუჩაში ევროპული საქართველოსთვის იბრძვის, შეგვიძლია სანქციების დაწესება და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა ყველა პასუხისმგებელი პირისთვის. მათ შორის დეზინფორმაციული არხებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი ჯერ კიდევ თავისუფლად მუშაობს აქ.

„რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“ აკრძალულია, ხოლო „ქართული ოცნების“ არხი „იმედი“  თავისიუფლად მუშაობს აქ და ავრცელებს სიძულვილის ენას ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მინდა, ვიცოდე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ევროკავშირის დახმარების შესახებ, რადგან რეჟიმის მიერ დევნილი ორგანიზაციების უმეტესობას ამ დრომდე არ მიუღია რამე მხარდაჭერა“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ