"არ მგონია რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ზოგადად მოსახლეობისთვის''- დავით ქართველიშვილი 04.11.2025 18:10

არ მგონია რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ზოგადად მოსახლეობისთვის, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში" „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისი თქმით, უვიზო რეჟიმი შესაძლოა გაუქმდეს გარკვეული ჯგუფებისთვის.

„საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას [ხელს] უშლის ის ჩიხური სიტუაცია, რომელშიც საკუთარი თავი შეიყვანეს. როდესაც ისინი საუბრობენ ქართველ ხალხზე, ისინი ვირტუალურ ქართველ ხალხზე საუბრობენ იმიტომ, რომ რა გამოდის. თუკი მათი იდეების მხარდამჭერია 85 პროცენტი საქართველოს მოსახლეობის, ისინი ამისთვის სჯიან? ევროინტეგრაციისთვის სჯიან ქართველ ხალხს? ამიტომ, არ მგონია რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ზოგადად მოსახლეობისთვის.
გარკვეულ ჯგუფებში აუცილებლად შეიყვანენ პარლამენტარების გარკვეულ ნაწილს, მთავრობის წევრების გარკვეულ ნაწილს. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება, თუმცა ეს არ არის ჩვენთვის საშიში და არ არის ჩვენთვის დამღუპველი.

რაც შეეხება დასჯის სხვა ზომებს, ინტერესით ვუყურებ როგორ სჯიან უნგრელებს, სლოვაკებს. როგორ დაიწყებენ ჩეხების დასჯას, პოლონელების დასჯას თუკი იქ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ის მემარჯვენე პოლიტიკური სპექტრი, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს", - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ევროპარლამენტში ევროკომისარმა მარტა კოსიმ წარადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და დემოკრატიული უკუსვლაა. გაიმართა ანგარიშის განხილვაც.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ