04.11.2025 19:22
არ ყოფილა არანაირი სერიოზული მცდელობა უკუსვლის გამოსწორებისა, პირიქით, გავხდით მოწმე სერიოზული უკუსვლისა ყველა ფუნდამენტური საკითხის მიმართულებით. ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ქვეყნის რეპუტაციასთან, ვისაც სურს, გაწევრიანდეს ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს, რათა საქართველო კვლავ გახდეს მოწინავე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ევროკავშირის ელჩის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ინტეგრაციის გზას.
„გასული წლის ივნისიდან დაწყებული, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადაწყვიტეს, რომ შეემცირებინათ კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან. ეს იყო რეაქცია, შედეგი იმ არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც შემოიღო საქართველოში. ჩვენ ვუგზავნით მკაფიო გზავნილს საქართველოს, მუდმივად ვუგზავნით გზავნილებს და მუდმივად ვთხოვთ – გთხოვთ, დაუბრუნდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, გთხოვთ, დაიცავით, შეასრულეთ ის ვალდებულებები, რომლებიც თავად საქართველოს ხელისუფლებამ იკისრა, როდესაც განაცხადა სურვილი, ყოფილიყო ევროკავშირის წევრი. მაგრამ გასული წლის განმავლობაში არანაირ სერიოზულ მცდელობას არ შევესწარით, არ ყოფილა არანაირი სერიოზული მცდელობა უკუსვლის გამოსწორებისა, პირიქით და ანგარიშიც ძალიან მკაფიოდ ამბობს ამას, რომ ჩვენ გავხდით მოწმეები ძალიან სერიოზული უკუსვლისა ყველა ფუნდამენტური საკითხის მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის მიმართულებით და ეს არის ისეთი საკითხი, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ქვეყნის რეპუტაციასთან, ვისაც სურს, გაწევრიანდეს ევროკავშირში.
საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს, რათა საქართველო კვლავ გახდეს მოწინავე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მათ ამის შესახებ ძალიან კარგად იციან და ამისთვის საჭიროა, იმის მაგივრად, რომ მოხდეს ევროკავშირის დემონიზაცია, ევროკავშირის შესახებ კონსპირაციის თეორიების, შეთქმულების თეორიების გაგრძელების მაგივრად, მათ უბრალოდ უნდა შეცვალონ კურსი და დაუბრუნდნენ ინტეგრაციის გზას. ჩვენი მხრივ, მზად ვართ ამ თანამშრომლობისთვის, უნდა დავინახოთ ასეთი ნაბიჯები. სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
ამასთან, პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ევროკომისია ანგარიშში წერს, რომ საქართველოში პროგრესი არ არის, პარალელურად, გვაქვს მათ შორის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა კვლევა, მონაცემები, სადაც საქართველო არის მოწინავე ადგილზე. ევროკომისია საკუთარ ანგარიშში ამ მონაცემებსა და კვლევებს თუ არ ითვალისწინებს, მაშინ რას ითვალისწინებს და ხომ არ აჩენს ეს განცდას, რომ ანგარიში პოლიტიკური მოტივებით იყოს ნაკარნახევი?“. ჰერჩინსკის განცხადებით, გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა ბრიუსელში, არის ერთადერთი ანგარიში, რომელიც მოიცავს ყველა პარამეტრს.
„ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან ოსტატურად იყენებს სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს, რომლებსაც სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტები აძლევენ, ადარებენ რა სხვადასხვა ქვეყანას, სხვადასხვა მონაცემს. ჩვენთვის, ჩვენი შეფასებისთვის მთავარი საფუძველი არის ის, რაც შედის გაფართოების ანგარიშში. სამწუხაროდ, ეს ანგარიში ძალიან ნეგატიურია საქართველოსთან მიმართებით. ანგარიში დაფუძნებული იყო მრავალ სხვადასხვა წყაროზე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა მოწოდებული თავად საქართველოს ხელისუფლების მიერ. კონსულტაციები გავიარეთ უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, კონსულტაციები გვქონდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, გავითვალისწინეთ სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიში, მათ შორის სტატისტიკური კვლევა და სხვა. შედეგია სწორედ ის, რაც არის თქვენ წინ – 86 გვერდი, 35 თავი. ძალიან მკაფიოდ არის მოცემული ევროკავშირის შეფასება საქართველოში ვითარების შესახებ. ანგარიშის მომზადებაში ჩართული იყო 33 ევროპული ინსტიტუტი, ცხრა სააგენტო. უამრავი ადამიანი დეტალურად ახორციელებდა საქართველოში სიტუაციის ანალიზს, რათა შექმნილიყო ანგარიში. პროგრესის ეს ანგარიში არის ერთადერთი ინფორმაცია, ერთადერთი ანგარიში, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ“.
ავტორ(ებ)ი :