08.11.2025 16:08
სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ჩვენ და სხვა არის სხვა, ეს არის მთავარი იდეა, რომელსაც ვერ აცნობიერებენ, იდეა, რომელიც ერეკლე მეფესა და ილია ჭავჭავაძეს ჰქონდათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მართლმსაჯულების წინაშე სამშობლოს ღალატის მუხლით წარდგებოდნენ.
„მუხლები, რომლებიც წარდგენილი აქვთ ამ პირებს, პარლამენტის მიერ გატარებული ცვლილებებით, მოქცეულია სამშობლოს ღალატის დეფინიციის ქვეშ. თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააქრო სისხლის სამართლის კოდექსიდან. იცოდნენ, თავიანთი მოღალატეობრივი ბუნება, ხვდებოდნენ, რომ ადრე თუ გვიან წარდგებოდნენ მართლმსაჯულების წინაშე სამშობლოს ღალატის მუხლით. ეს ჩანაწერებიც ამას აჩვენებს. დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ თავიანთ სამშობლოს. შეგვიძლია, ისტორიული პარალელები გავიხსენოთ. ჩვენს ეპოქას ის უპირატესობა აქვს, რომ ფიქსირდება ეს ღალატი, ვხედავთ პირდაპირ ეთერში და ჩანაწერებიც ამის მანიშნებელია. ამ ხალხს რომ ჰკითხოთ, გააზრებული არ აქვთ სამშობლოს ღალატი, თავი მიაჩნიათ კოსმოპოლიტებად, მსოფლიო მოქალაქეებად. მათთვის ქართული და ესტონური სახელმწიფო ერთი და იგივეა. ის თუ ემსახურება ესტონურ ან ფრანგულ სახელმწიფოს, მისთვის იგივეა, ემსახუროს ქართულ სახელმწიფოს. ამას ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. რისთვის დავღვარეთ სისხლი, რომ საბჭოთა კავშირისთვის დაგვეღწია თავი? სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ჩვენ და სხვა არის სხვა. ეს არის მთავარი იდეა, რომელსაც ვერ აცნობიერებენ. იდეა, რომელიც ერეკლე მეფესა და ილია ჭავჭავაძეს ჰქონდათ.
„ნაცობა" არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა, ეს არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას. ეფუძნება პლატფორმაზე დგომას, რომ ერთი და იგივეა, შენს ქვეყანას ემსახურები თუ სხვას. იტყვიან, მერე რა, თუ უცხოურ ჯგუფებს ვეხმარებოდით, კი მაგრამ მტრული ქვეყნები არიან თუ რა არის? საქმე ის არის, რომ ვართ ჩვენ და არიან სხვები. ამაზე დგას ნებისმიერი სახელმწიფო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამშობლოს ღალატი, როგორც ყველაზე დასაძრახი ქმედება იყოს ქართველი ხალხის მიერ გათავისებული", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ერთ-ერთი ტელეარხის მიერ გავრცელდა ჩანაწერი, სადაც „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე უცხოელებისგან მიღებულ დავალებებზე, მათ შორის სამხედრო შინაარსის ინფორმაციის გადაცემაზე საუბრობენ.
ავტორ(ებ)ი :