08.11.2025 20:46
10-15 წელია, ეკლესიას ტელევიზიებიდან „ენჯეოები“, ოპოზიცია და ა.შ. მუდმივად გვთხოვდნენ, წინასაარჩევნოდ არ გაგვეკეთებინა პოლიტიკური შეფასებები, რადგანაც ეკლესიას დიდი გავლენა აქვს და არ გავმხდარიყავით მხარე, ვაშენებთ სეკულარულ სახელმწიფოს და ეკლესიამ ამაში თავისი შეხედულებისამებრ საზოგადოებაში გავლენა არ მოახდინოსო, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ
მისი თქმით, ბოლო პერიოდში, საპატრიარქო ხშირად აკეთებს განცხადებებს და მოუწოდებს სასულიერო პირებს, საზოგადოებაში პოლარიზების გამომწვევი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს სასულიერო პირების მხრიდან.
„შეფასებებს როდესაც არ ვაკეთებთ, განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა გვაქვს განზრახული, არამედ არ ვეთანხმებით ბევრ შეფასებას, რომელიც კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან. არ ვეთანხმებით მაგალითად, დასკვნას, რომ არჩევნები გაყალბდა. პატრიარქმა არჩევნები მიულოცა „ქართულ ოცნებას” და მასში მონაწილეობა მიიღო. რა გავაკეთოთ? ეკლესია კი არ დუმს, ეკლესიამ გააკეთა არაერთი განცხადება იმ დღეებშიც, არაერთი განცხადება გააკეთდა მშვიდობის მოწოდებისკენ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, სასულიერო პირები მთელი ღამე იდგენენ ქაშვეთის ეკლესიაში და ეხმარებოდნენ გაზით და წყლით დაზარალებულ ადამიანებს.
„ეს ყველას დაავიწყდა. მაშინ დოროთე სად იყო? სად იყო დოროთე, როდესაც პატრიარქს 2017-2019 წლებში ლანძღავდნენ, ყველაზე მეტად მაშინ სჭირდებოდა საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიციას დაცვა. ერთი არ გვახსოვს მისი გამოსვლა და პატრიარქის მხარდამჭერი განცხადება. ახლა, როცა პატრიარქს აღარ სჭირდება დაცვა, ახლა გაახსენდა მას ის მომიტინგეები. სად იყო მაშინ, როცა ვიდექით ქაშვეთთან და ვეხმარებოდით ხალხს. მუდმივად ნუ გვთხოვთ, დავდგეთ პოლიტიკური დებატების, რომელიღაცა მხარეს, თორემ გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით. ბევრი რაღაც არ მოგვწონს, მაგრამ ხმას არ ვიღებთ იმიტომ, რომ პროტესტის მხარეს დგას ბევრი ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემთ, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ყველა განცხადებას, რომ არ მოსწონს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მოაყოლა ეკლესიის შეურაცხყოფა. დაიწყო დაბლიდან და ავიდა სინოდის წევრებამდე და პატრიარქის გამორჩეულ მოსაყდრემდე. რვა წელია მოსაყდრე პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს ასრულებს და ახლა გამოიძია დოროთემ თურმე, რომ პატრიარქს არ უსმენს და შეურაცხყოფას აყენებს ვინმე საპატრიარქოში. პირველ შეხვედრაზე ეს ვუთხარით ჩვენ დოროთეს და ტყუილი გამოიტანა გარეთ. თავად ამბობს, ჩემთვის არ უთქვამთო, პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო. გესმით ეს რას ნიშნავს? ამ წინადადების თავი და ბოლო გესმით? ერთში ერთ ამბობს და მეორეში – სხვა. გაუფრთხილდით ადამიანს, ნუ აქეზებთ ასეთ რაღაცაზე, დაღუპვის გზაზე დგას“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
ავტორ(ებ)ი :