12.11.2025 13:07
დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნაცვლად დიალოგისა, ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას.
„კიდევ ერთხელ დაადასტურა, ამჯერად პრესსპიკერმა, რომ პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში. საკუთარი პირით აღიარეს, რა დეზინფორმაციული, ცრუ ნარატივი ვრცელდებოდა, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ესეც არის კიდევ ერთხელ დასტური, საკუთარი თავის მხილება და აჩვენებს, რომ, ნაცვლად დიალოგისა, ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას, რაც ევროპული ღირებულებისგან გადახვევის კიდევ ერთი ნიშანია. ქართველებს როგორც გვესმის და რისი თანაშემოქმედებიც ვართ, ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სხვისი ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა. სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის სწორედ ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელი არ აღიარებს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც უნდა იყოს დაფუძნებული ევროპული ღირებულებები და ეს არის მთავარი პრობლემა ბრიუსელთან ურთიერთობებში.
„სინამდვილეში, ბრიუსელთან ურთიერთობებში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვთანხმდებით მთავარ ღირებულებებზე. ჩვენი ღირებულება არის სუვერენიტეტის, ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა. სამწუხაროდ, ოთხივე ღირებულებასთან დაკავშირებით ბრიუსელი აცდენილია ამ მთავარ პრინციპებს. კერძოდ, არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება; არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს საკუთარი კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელების შესახებ; არ აღიარებს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც უნდა იყოს დაფუძნებული ევროპული ღირებულებები. ამიტომ დღეს პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს, მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს რაღაც გზა-კვალი და არა ქართველმა ხალხმა განსაზღვროს, რა კანონი მიიღოს და რა მმართველობა ჰქონდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :