ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ მოქმედებს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ -გიორგი შარაშიძე 12.11.2025 16:39

ჩორჩანის საქმე იქნება თუ 20 ივნისის, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებაა, ამაში ჩვენთვის არც ახალი იყო რამე, არც გასაკვირი და მოულოდნელი, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რა სამართლებრივი არგუმენტი შეიძლება არსებობდეს შენი საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს მიწების დაცვის საწინააღმდეგოდ? ეს ხომ აბსურდია. ამ ყველაფრის შეფასება ერთადერთი მოტივაციით შეიძლება და ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოტივაციაა. სხვა ახსნა ამას არ აქვს. ყველაზე მეტად სამწუხარო არის ის, რომ „ქართული ოცნება" მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ მოქმედებს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, რადგან აქ საქმე გვაქვს ჩორჩანის ეპიზოდთან. სწორედ ამ საქმის აღძვრით ყველაფერს აკეთებს დღევანდელი „ოცნება", რომ საოკუპაციო რეჟიმს მისცეს პრეტენზიების გაჩენის უფლება ამ ტერიტორიაზე, რომელიც გიორგი გახარიამ დაიცვა, თან ისე დაიცვა, რომ არანაირი სამხედრო ესკალაცია არ მოჰყოლია, ანუ მშვიდობიანი ფორმებით დაიცვა", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, სწორედ ზემოაღნიშნულის გამო დღეს „ქართული ოცნება" სჯის გიორგი გახარიას, როგორც მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს.

„ეს არის სხვა არაფერი, თუ არა ივანიშვილის მიერ დაპირებული ანგარიშსწორების ბოლომდე მიყვანის მცდელობა. რეალურად საქმე გვაქვს პოლიტიკურ ვენდეტასთან, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა. დღეს ის ყველაფერს აკეთებს, რომ შეეცადოს ასეთი უსამართლო მუხლით გასამართლებას პოლიტიკური ოპონენტის, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია", - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

რაც შეეხება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალს, შარაშიძის თქმით, ესეც აბსურდული საქმეა.

„როცა გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სახელმწიფო ინსტიტუტს იცავდა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი შტურმისგან და აქ მშვიდობიანი მოქალაქეები არაფერ შუაში არ იყვნენ, მაშინ გიორგი გახარია „ოცნებისთვის" ნომერ პირველი ძალოვანი მინისტრი იყო, რომელიც შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, თავად „ოცნებამ" პრემიერ-მინისტრად დააწინაურა. ესეც სრულიად აბსურდული საქმეა, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტის, საქართველოს პარლამენტის შტურმისგან დაცვის გამო - ეს რომ შტურმი იყო, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა - ბრალი წაუყენო ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ჩორჩანის საქმე იქნება თუ 20 ივნისის, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებაა. ამაში ჩვენთვის არც ახალი იყო რამე, არც გასაკვირი და მოულოდნელი. რა თქმა უნდა, ამას ველოდით, ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლას ჩვენს ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებით ვაგრძელებთ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ