შემოაგდეს თემა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, 2017 წლიდან ვარ მერი, არ მახსოვს შემთხვევა, საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე -კახა კალაძე 15.11.2025 13:11

გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ, „ტვ პირველმა", მაყურებელს მორიგი სიცრუე, ფეიკნიუსი შესთავაზა, მთელი დღის მანძილზე, ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა, დაანგრია და გაანადგურა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ „შემოაგდო თემა", მერიის მიერ გაკეთებული განცხადება კი არ გააშუქა.

კალაძის განმარტებით, საპატრიარქოსა და თბილისის მერიას შორის ყოველთვის არის კომუნიკაცია, როდესაც ეკლესიის მშენებლობა იგეგმება.

„შემოაგდეს თემა, თითქოს ჩვენ მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, თითქოს 14 წელი მიმდინარეობდა აღნიშნულის სამშენებლო სამუშაოები. თბილისის მერიამ გააკეთა განცხადება ამ თემაზე, სადაც, თანდართული იყო ე.წ. ეკლესიის ფოტომასალა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო სიცრუე, არანაირი ეკლესიის მშენებლობა არ მიმდინარეობდა. მე გულწრფელად ვიტყვი, როდესაც ხდება ეკლესიის მშენებლობა - 2017 წლიდან ვარ ქალაქის მერი, მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, ან არ ყოფილიყო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება განცხადებას და ამ განცხადების გაშუქებას, ცხადია, „ტვ პირველმა" არ ჩათავალა მიზანშეწონილად, რადგან მერე მათი სიცრუე ჩაიკარგებოდა და რაში აწყობდათ სიმართლე. მინდა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე წარმოადგინა იმ ნაგებობის ფოტომასალა, რომელიც, კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, წარმოადგენდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კალაძემ ასევე გამოხატა მზაობა, რომ კონკრეტული დასახლებისთვის თუ აუცილებელია ტაძარი, მერია ყველანაირად შეუწყობს ხელს მის აშენებას.

„როგორ შეიძლება, ზოგადად შევეწინააღმდეგოთ ეკლესიის მშენებლობას? არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტაძრის მშენებლობა იგეგმება თბილისში, მერიასთან კომუნიკაციის გარეშე მომხდარიყოს. საპატრიარქო ყოველთვის გვაყენებს საქმის კურსში, რომ ხდება სამშენებლო სამუშაოების წარმოება, იწყება ტაძრის მშენებლობა და ა.შ. იმ კონკრეტული დასახლებისთვის თუ აუცილებელია ტაძარი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, განხორციელებას და ა.შ., თუმცა ამ ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ამ ტერიტორიაზე, არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან და ეკლესიის მშენებლობასთან", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ