,, ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი''- პრემიერი 16.11.2025 10:14

 

ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას „იგლ ჰილსთან" გაფორმებული ხელშეკრულების პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო განაშენიანების გენერალური გეგმა გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით დამტკიცდება.

 

„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას, ეს ფაქტი ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა, ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა. როდესაც ეს ყველაფერი იცის ზოგიერთი პარტიის ბიზნესმენმა ხელმძღვანელმა და მისი პარტია ამ თემით მაინც სპეკულირებს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, თუ რამდენად მძიმეა უცხოელი აგენტის ხვედრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება განაშენიანების გენერალურ გეგმას, ის დამტკიცდება ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ, გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პროცედურის დაცვით.

 

მინდა შეგახსენოთ 3 წლის წინ გაშლილი ყალბი ქსენოფობიური კამპანია საქართველოს „რუსიფიკაციისა" და ეროვნული უსაფრთხოების შერყევის შესახებ. მაშინ მოსახლეობას ვუთხარით, რომ ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარებოდა და დავპირდით, რომ არც საქართველოს „რუსიფიკაცია" მოხდებოდა და არც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეექმნებოდა რაიმე საფრთხე. დღეს, 3 წლის თავზე, ყველა ხედავს, რომ უცხოელი აგენტების ყალბ შფოთვას, რომლითაც მათ მაშინ საკმაოდ ბევრი კეთილსინდისიერი მოქალაქე შეიყვანეს შეცდომაში, სინამდვილეში, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და ხელისუფლებამ თავისი დაპირება პირნათლად შეასრულა.

 

დღესაც ზუსტად იგივეს ვპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს", - განაცხადა პრემიერმა

.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ