18.11.2025 19:26
აღიარება რომ ევროკომისია ენჯეოების დასახმარებლად კანონის დარღვევის გზებს ეძებს - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ მარტა კოსის განცხადებას.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა თქვა, რომ „საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს და ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ისინი არ დაზიანდნენ“.
კოსის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის შეფასებით, მარტა კოსის განცხადება გაუგონარი თვითლუსტრაციაა და დემოკრატიულ სამყაროში ასე არ ხდება.
„ასეთი თვითლუსტრაცია არ გაგვიგია. დემოკრატიულ სამყაროში ასე არ ხდება. პირიქით, მარტა კოსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა კომისარი, მხარს უნდა უჭერდეს იმას, რომ გამჭვირვალედ იყოს ყველა თანხა, რომელიც ირიცხება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. თვითონ, როგორც ეძახიან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ზუსტად იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას ხელს უწყობს განავითაროს საკუთარი დემოკრატია, პოლიტიკა და სხვადასხვა დარგი - ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც შენ ფიქრობ და ცდილობ, რომ ეს არ იყოს გამჭვირვალე, შემოიტანო ისეთი თანხა, რომელზეც არანაირი კონტროლი არ ექნება სახელმწიფოს, ეს ნიშნავს, რომ სწორედაც იმ მიმართულებას და იმ სცენარს ავითარებ, რომელიც შენვე დაწერე და გინდა, რომ შენივე ფულით ახორციელებდე. ეს არის ექსტრემიზმი, რევოლუციის განხორციელების მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაერთგზის ვიხილეთ, მათ შორის, იმ თანხის გამოყენებით, რომელიც შემოდის სწორედ ისეთი ფონდებიდან, რომელსაც თითქოს იცავს მარტა კოსი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორ(ებ)ი :