21.11.2025 23:15
განათლების სფეროში ცვლილებების განხორციელება ღირებულებების კუთხითაც მნიშვნელოვანია, ეს ეხება არა მარტო საუნივერსიტეტო განათლებას, ეს ეხება სკოლებსაც, პირველ რიგში სკოლის ასაკში იყალიბებს ბავშვი ღირებულებებს და ამიტომ სკოლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ცოტა ხანში მთავრობა ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს.
„მანამდე წარვადგინეთ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია, ახლა საუბარია უკვე ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაზე, სადაც ბევრი რამ არის გადასახედი, ეროვნული სასწავლო გეგმა, პროგრამა, სახელმძღვანელოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა იქნება წარმოდგენილი და აქ ღირებულებით ნაწილშიც გვჭირდება თვისებრივი ცვლილებები, რომ ჩვენ ღირებულებებისგან დაცლილი მომავალი თაობა არ მივიღოთ და ღირებულებები გავუზიაროთ ცოდნასთან ერთად ბავშვებს და სკოლის მოსწავლეებს. იგივე ეხება უმაღლეს განათლებასაც. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორ ღირებულებებს ეფუძნებოდეს ის ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ ახალგაზრდებს. ზოგადად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს განათლების სისტემის რეფორმას, რათა საზოგადოების უსაფრთხოების ხარისხი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
„ჩვენ როცა ვსაუბრობთ იგივე პოლიტიკურ სპექტრში არსებულ მდგომარეობაზე, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით გაშლილ დისკუსიებზე, როგორიც არის მაგალითად ე.წ არაბიზაცია, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ლოგიკურად ვერ მსჯელობენ ადამიანები. შენ, შეიძლება, მოგინდეს სპეკულირება და კარგი, მაგრამ იქაც ხომ შეიძლება, ლოგიკა ააგო. ლოგიკას ვერ აწყობენ. ლოგიკა არის მეცნიერება, თავისი წესები აქვს, ერთი არგუმენტი მეორეს უნდა მიჰყვებოდეს და ა.შ. თუნდაც სპეკულირების და დემაგოგიის პირობებში, საკუთარ თავს უნდა სცე პატივი და რაღაც ლოგიკური ჯაჭვი უნდა ააწყო. საერთოდ არ აინტერესებთ. ლოგიკა არ აინტერესებთ. ლოგიკა კი არა, მათემატიკა, არითმეტიკა არ აინტერესებთ, ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობენ. მაგალითად, „იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით ვიდეოებს ავრცელებენ სოცმედიაში, მარტო ის კი არ არის, რომ თავისი აზრი აქვს და ეს აზრი სწორია თუ არასწორია, საერთოდ ლოგიკას არ ეფუძნება ხოლმე მათი განცხადებები, ლოგიკას არის აცდენილი. ამიტომ, ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ განათლების რეფორმას. სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოება ბევრად უფრო ნაკლებად ექვემდებარება გარე ჩარევებს, პროვოკაციებს და ა.შ. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება აკრიფა ამ წლების განმავლობაში, 35 წელი ისეთ პროცესები გამოვიარეთ, რომ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, სიბრძნე, ცოდნა და გამოცდილება დააგროვა ჩვენმა საზოგადოებამ, მაგრამ საჭიროა დამატებით კონკრეტული ცვლილებების განხორციელება განათლების სისტემაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების ხარისხი, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოება არის ყველაზე მეტად დაცული ნებისმიერი რისკებისგან. ამიტომ, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :