21.11.2025 23:27
ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ევროპისკენ სწრაფვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა.
„ყველაფრის პრაგმატულად გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია. თავის დროზე, რატომაც იყურებოდა ჩვენი ქვეყანა დასავლეთისკენ, ამას ჰქონდა ერთადერთი მთავარი მიზეზი – ქრისტიანობა. ქრისტიანობის გამო ვიყურებოდით ევროპისკენ. თავის დროზე, როდესაც გაკეთდა არჩევანი კონკრეტული მიმართულებით, ესეც ქრისტიანობას უკავშირდებოდა. ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას. ეს არის მთავარი პრობლემა, რატომაც ღირებულების დონეზე იქნა დაკნინებული ევროპის მნიშვნელობა. არსებობს კონკრეტული პრინციპები, ღირებულებები. ერთი უკავშირდება იდენტობას. ჩვენთვის ეს არის ეროვნული, ქრისტიანული იდენტობა და ევროპისკენ სწრაფვას ფასი აქვს მხოლოდ ამ ღირებულებების პირობებში, თუ ჩვენ დაგვხვდება და კარს გაგვიღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა. ასევე, პრაგმატულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო როდესაც მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის, იქ დაგვხვდეს ევროპა, კეთილდღეობის შესაბამისი ხარისხით. აქ ძალიან მძიმე ტენდენციებია. ყველაფერს პრაგმატულად უნდა შევხედოთ. მთავარია, ჩვენ ღირსებას არ გადავუხვიოთ. მთავარია ღირსება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. პრაგმატულად უნდა შევხედოთ ყველაფერს, ამიტომ, ვამბობთ, რომ არსებობს კურსი, მაგრამ მხოლოდ ღირსებით შეიძლება გაჰყვე ამ კურსს, დივერსიფიკაციას არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :