24.11.2025 18:52
მთავრობას შესაძლებლობა ექნება, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ბაზარზე გარკვეული პროდუქტის განთავსება ან ვაჭრობა აკრძალოს, ან შეზღუდოს. შესაბამისი ცვლილებები – „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა, რომელიც ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მიღება ქვეყანაში პლასტმასით დაბინძურებას უკავშირდება.
„პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების კუთხით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვლევა ჩატარდა. კერძოდ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მდინარე რიონის აუზისა და მისი შენაკადების (ფიჩურა, ყვირილა, ძირულა, ცხენისწყალი) 13 უბანზე პლასტმასით დაბინძურების ადგილების იდენტიფიცირება და ნარჩენების რაოდენობრივი და
ხარისხობრივი შეფასება მოხდა. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მდინარის ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასს წარმოადგენს, რომლის უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. დადგინდა, რომ მდინარე რიონში ნარჩენების სიმჭიდროვე საშუალოდ შეადგენს 1.77 ერთეულს კვადრატულ მეტრზე და ზოგიერთ უბანში თითქმის 4 ერთეულამდე აღწევს, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა ევროპულ მდინარეებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.5 ერთეული/მ²). ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ფინანსურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღებ ალტერნატივებზე გადასვლის ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელდა ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების ალტერნატივების მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის შედეგების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად მაღალია. საქართველოში ყოველწლიურად მოიხმარება დაახლოებით 613.5 მილიონი ერთეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქცია, რაც შეადგენს დაახლოებით 3.9–5.9 ათას ტონას.
ამდენად, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მოხდეს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის გამოყენების შემცირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რაც აუცილებელია გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა რომ ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნეს დაჩქარებული წესით, რადგან საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ჰქონდეს 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსების ან/და ვაჭრობის აკრძალვა ან შეზღუდვა“, – ნათქვამია კანონპროექტში.
ავტორ(ებ)ი :