,,სამარცხვინოა, რომ ევროპიდან საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ იმ „ენჯეოების“ მეშვეობით, რომლებსაც ვებგვერდები აქვთ''- პაპუაშვილი 24.11.2025 20:24

მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი ქსენოფობიას აფინანსებენ, ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპისა, ვისი ფულიც იხარჯება ქსენოფობიურ კამპანიებში, მაშინ, მათ ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ევროპული ფონდებიდან Eagle Hills-ის საწინააღმდეგო პუბლიკაციების დაფინანსების შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამარცხვინოა, რომ ევროპიდან საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ იმ „ენჯეოების“ მეშვეობით, რომლებსაც ვებგვერდები აქვთ.

„სამარცხვინოა, რომ იმ ევროპის, რომელსაც გამოვლილი აქვს უმძიმესი ისტორია ქსენოფობიისა, ამ ათწლეულების შემდეგ კვლავ ვხედავთ, რომ ევროკავშირის, ევროპული სხვადასხვა დედაქალაქის ფული გამოიყენება ქსენოფობიური კამპანიის დასაფინანსებლად. ამიტომ, მივმართავ იმ დონორებს, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციას, გაამჟღავნონ საკუთარი თავი. დაასახელონ, ვინ არიან, ვინც აფინანსებენ ამ ორგანიზაციას, რათა ქართველმა ხალხმა ვიცოდეთ, ვინ არიან ქსენოფობი დონორები საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენითაც მოვიძიებთ და დავასახელებთ ქსენოფობ დონორებს, რომლებიც 21-ე საუკუნეში იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საბოტაჟი განახორციელონ, არ თაკილობენ ქსენოფობიის როგორც იარაღად გამოყენებას. ეს არის სირცხვილი და შავი დღე ევროპელი დონორებისთვის. დროა, ვამხილოთ კიდევ ერთი დიდი აფერა და ტყუილი, რომელსაც საქართველოში დონორები გვივრცელებენ, რომ თითქოს არსებობს გარკვეული ჯგუფი ონლაინმედიის. ეს არანაირი ონლაინმედია არ არის, ეს სინამდვილეში არიან ჩვეულებრივი „ენჯეოები“, რომლებსაც აქვთ ვებგვერდები. არანაირი ჟურნალისტიკა მათ საქმიანობაში არ არის და არანაირი მედიასაქმიანობა ეს არ არის. ესენი არიან ჩვეულებრივი „ენჯეოები“ ვებგვერდებით. თუ შეხედავთ მათ საინფორმაციო თემატიკას, არის სრულად კონცენტრირებული, მათ შორის, ძალადობრივი აქციების რეკლამირებაზე, დაანონსებაზე, შედეგების აღწერაზე. აბსოლუტური პროპაგანდისტული რუპორი არის ძალადობრივი ჯგუფებისა. და ასევე პროპაგანდისტული რუპორი ქსენოფობიური კამპანიისა და რუპორი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საბოტაჟისა. ასე რომ, ეს არ არის არანაირი მედია, თავის არსით. ეს არის „ენჯეოები“ ვებგვერდებით. არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი და ეთიკა მათში არ არსებობს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნამაჰვანჰესის“ პროექტის ეკონომიკური საბოტაჟისთვის გამოყენებული იყო „ენჯეოები“ და ეს ე.წ. ენჯეომედიები.

პაპუაშვილის თქმით, ისინი ამხელენ და დაადგენენ ყველა დამფინანსებელს, ვინც ქვეყანას და ხალხს აზიანებს და ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობს.

„დღეს შეგვიძლია, უკვე ღიად ვთქვათ, რომ მაშინაც, ვინც ეს საბოტაჟი განახორციელა, ისინი ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან. იმ მომენტში ამერიკული და ევროპული ფონდებიდან. დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა წინა ადმინისტრაციის დანაშაულები ამ მხრივ, რომ ხდებოდა თანხების გამოყენება სხვა ქვეყნების და ხალხების დაზიანებისთვის. ასეთ პროექტებს აღარ აფინანსებენ. იმედი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში და რაც ვიცით, ასეა. და დღეს მთლიანად ეს საბოტაჟი ფინანსდება ან უშუალოდ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ბიუჯეტიდან. ამიტომ, აქაც დღესაც დამალულია ყველა ამ ორგანიზაციის დაფინანსება. მათ დონორებს მოვუწოდებ, დაასახელონ საკუთარი თავი, ვინ აფინანსებს „პუბლიკას“, „ნეტგაზეთს“, „ონჯის“ და სხვა ამგვარ ვებგვერდიან „ენჯეოებს“ და ვინ აფინანსებს ეკონომიკურ საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ. აქაც დავპირდებით, რა თქმა უნდა ჩვენც დავადგენთ ვინ არიან დამფინანსებლები და ყველას, რომელი ელჩიც არ უნდა იყოს ეს, რომელი ქვეყანა და რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ყველას ვამხელთ, ვინც ჩვენ ხალხს აზიანებს და ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ