არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციას მისცემენ, რასაც ვხედავთ, არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა-კახა კალაძე 25.11.2025 17:30

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ კომპენსაციას მისცემენ. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მართალია, ივანიშვილმა პროცესი მოიგო, მაგრამ როგორც წინა შემთხვევებში იყო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ამჯერადაც იგივე მოხდება.

„ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტანციაში გაიმარჯვა, თუმცა აღსრულება არ ხდება. ვიცით, რომ უკვე დიდი ხანია, მსოფლიოში არაფორმალური მმართველობაა და სწორედ მათ მიერ ივანიშვილის და მისი ოჯახის პოლიტიკური ნიშნით შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს. რასაც ვხედავთ, ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ მე არანაირი იმედი არ მაქვს, რომ განაჩენის აღსრულება მოხდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს არაფორმალური მმართველობის დამოკიდებულება ქვეყანასა და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით. ივანიშვილს სანქციებიც ისე დაუწესა ამერიკულმა მხარემ, რომ არანაირი განმარტება და კონკრეტიკა არ ყოფილა. ამდენი ხანია, საუბრობენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, სანქციებთან მიერთებაზე და ა.შ. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად ვერ გამოიყენეს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის" საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის" შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.

ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ