25.11.2025 19:00
გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის განცხადებით, საქართველოს საზღვაო სექტორში მიღწეული პროგრესი სრულ შესაბამისობაშია ორგანიზაციის მიზნებთან. ამის შესახებ არსენიო დომინგესმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დომინგესის თქმით, მარიამ ქვრივიშვილთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.
„ვისაუბრეთ არა მხოლოდ მხარდაჭერაზე, რომელსაც გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია მომავალშიც გაუწევს საქართველოს, როგორც ორგანიზაციის აქტიურ წევრს, არამედ ხაზი გავუსვით ქვეყნის საზღვაო სექტორში მიღწეულ პროგრესს, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებთან", - განაცხადა არსენიო დომინგესმა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს წარმატებული მონაწილეობა IMO-ს ეგიდით მიმდინარე პროექტებში. საუბარი წარიმართა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე ტენდენციებსა და რეფორმებზე, აგრეთვე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც სამომავლოდ გაზრდიან საქართველოს, როგორც საზღვაო სატრანსპორტო ქვეყნის როლს რეგიონში. ასევე აქცენტი გაკეთდა ქართველ მეზღვაურების განათლების და სერტიფიცირების სისტემაზე.
გაერო-ს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს საზღვაო სექტორში ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს და არსებულ პროგრესს და ქვეყანას სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს როგორც გაერო-ს ორგანიზაციის, ისე საზღვაო ადმინისტრაციების საქმიანობა და საზღვაო სექტორის გაუმჯობესების პერსპექტივები.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :