,,მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით''- პრემიერი 26.11.2025 13:42

მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით და 10%-ს ასახელებენ, როდესაც საქართველოში უცხოელების სტატისტიკაზე საუბრობენ, საქსტატის აღწერით, საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან 93,4%, რჩება 6,6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი უბრალოდ დასაზუსტებელია, ესენი არ არიან აპრიორი უცხოელი მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, ინტერესის შემთხვევაში მიგრაციასთან დაკავშირებით დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია სხვა ინტერპელაციის ფარგლებში გაუზიაროს.

„რეალურად, საქსტატმა დაასრულა საყოველთაო აღწერის პროცესი, თუმცა ჯერ დასაზუსტებელია ჩაშლილი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები ადამიანების მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ერთი, რაც განაცხადა დღემდე საქსტატმა, არის, რომ საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან მინიმუმ 93,4%. რჩება 6,6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი უბრალოდ დასაზუსტებელია. ესენი არ არიან აპრიორი უცხოელი მოქალაქეები, უბრალოდ, მათი დიდი ნაწილის მოქალაქეობის საკითხი დასაზუსტებელია. რაც შეეხება გადანაწილებას, ძირითადი ინფორმაცია, რაც უხეშად შეგვიძლია გაგიზიაროთ, არის ის, რომ გვყავს დაახლოებით 37 ათასი სტუდენტი, აქედან უდიდესი უმრავლესობა არიან ინდოელები და ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ცალკე ინტერპელაცია დავგეგმოთ. ასევე არის 25 ათასი უკრაინელი ლტოლვილი, რომელიც შეიფარა ჩვენმა ქვეყანამ. არიან სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ. მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და მათი წვლილიც არის იმაში, რომ საქართველოში ეს სექტორი განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის წინსვლაში. ერთადერთი სფერო, სადაც გავამარტივეთ ბინადრობის ნებართვების აღება, არის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ამ სექტორის განვითარებისთვის და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უცხოელი მოქალაქეების ისეთი სეგმენტი, რომლებსაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის არავითარი პრობლემების შექმნა არ შეუძლიათ და ეს ყველაფერი არის დაზღვეული. თუ დეტალური ინფორმაცია იქნება საჭირო საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგვიძლია, ცალკე ინტერპელაცია დავუთმოთ ამ საკითხს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების წვლილი, მხოლოდ სამედიცინო ნაწილში საქართველოს ეკონომიკაში გასულ წელს მილიარდ 200 მილიონი ლარი იყო, რაც პატარა მაჩვენებელი არ არის და მზადყოფნა გამოთქვა, დეპუტატებს ამ თემაზე უფრო დეტალური ინფორმაცია გაუზიაროს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ