ბატონი ფიშერი არის ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითი -კახა კალაძე 28.11.2025 13:22

ბატონმა ფიშერმა თავი დაანებოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და მიხედოს თავის საქმეს, ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძეს დაუსვეს კითხვა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ფიშერი აღნიშნავს: „შეგიძლიათ თქვათ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა უაზრობაა. კეთილი. თქვენ არ ხართ ვალდებული, გაწევრიანდეთ. აკეთეთ თქვენი საქმე, საქართველოვ. შეგიძლიათ, გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით. იგივე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გატარებულ ზომებს. ლიბერალურ დემოკრატიაში მთავრობას არ შეუძლია, აირჩიოს ოპოზიცია, არამედ მათ უნდა იურთიერთონ არსებულ ადამიანებთან. ეს არის დემოკრატიის ცენტრალური იდეა. ადამიანებს აქვთ თავისუფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ხედვა, თუნდაც ეს მთავრობას არ მოსწონდეს".

„ბატონმა ფიშერმა თავი დაანებოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და მიხედოს თავის საქმეს, თავის ქვეყანას. ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითია. არ ვიცი, ელჩი დავარქვა თუ რა დავარქვა ამ ადამიანს, თავისი ქმედებებით, ელჩის გარდა, ყველაფერია. საზოგადოებამ განსაჯოს, რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ