საქართველო და ქართველი ხალხი ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის წინაშე მათხოვრობას არ დაიწყებს-შალვა პაპუაშვილი 28.11.2025 17:01

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელმა გაწევრიანების საკითხზე დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან ცალმხრივად 2024 წლის 27 ივნისს შეწყვიტა.

პაპუაშვილის თქმით, ის, რაც შეჩერდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში.

„ირაკლი კობახიძის შარშან გაკეთებული განცხადება წაიკითხეთ და ყოველ მის სიტყვას ხელს ვაწერთ. ამის შემდეგ კიდევ უფრო დადასტურდა, რამდენად სწორი იყო ეს განცხადება. 2024 წლის 27 ივნისს ბრიუსელმა, იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე, ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების საკითხებზე. ეს წერილობით აღიარა ცოტა ხნის წინ საელჩომ. ის, რაც შეჩერდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში.

26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, ევროკავშირის საკითხი გამოეყენებინა შანტაჟის იარაღად, რომ ქართველი ხალხი ჰყოლოდა მუდმივი შანტაჟის ქვეშ. მოლაპარაკებას გაგიხსნი ამ საკითხში, შენ თუ მარცხენა ფეხზე დადგები. ასე დამამცირებელ მდგომარეობაში უნდოდათ, დაეყენებინათ ქართველი ხალხი. ამიტომაც ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო იქნება 2030 წელს ყველაზე მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის, თუმცა ჩვენ მათხოვრობას ბრიუსელის ბიუროკრატიას არ დავუწყებთ. ეს უნდოდა მაშინ ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომელიც მისი ელჩის ხელით პირდაპირ ჩაერია საქართველოს არჩევნებში, რომლის პოლიტიკოსები ჩამოდიოდნენ აქ და გვიწყობდნენ მიტინგებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის წინაშე მათხოვრობას არ დაიწყებს.

„ამ ერთი წლის განმავლობაში დადასტურდა, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატიას ხელში აქვს ჩაგდებული ევროკავშირის ინსტრუმენტები და ცდილობს, ეს ინსტრუმენტები აქციოს შანტაჟის იარაღად დამოუკიდებელი ხალხების წინააღმდეგ. სირცხვილია ეს დღევანდელი ევროპისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ