28.11.2025 19:01
ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრება და გარე ჩარევების გამო ახალი ზომების მიღება მეორე დღეა თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. უმრავლესობაში ევროპელი კოლეგების მხრიდან ორმაგ სტანდარტსა და საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაზე საუბრობენ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ არიან და ამ მიზნით ევროკავშირშიც არაერთი კანონი მოქმედებს.
"ყველა ქვეყანა ზრუნავს იმაზე, რომ გამჭვირვალე იყოს ფინანსები. გვსურს, რომ პარალელი გავავლოთ ევროპასა და საქართველოს შორის, არანაირი პარალელი არ არსებობს დემოკრატიულ სახელმწიფოებს, იქ მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს შორის", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწევს შექმნას ლობისტების რეესტრი, მათ ეკისრებათ ვალდებულება ახსნან დაფინანსებისა და გრანტების წარმომავლობა და დანიშნულება. ახალი წესები მიზნად ისახავს დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას.
ავტორ(ებ)ი :