28.11.2025 19:12
მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის დამოკიდებულებები შეიცვალოს. მან პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. ფიშერს ვეთანხმები - მისნაირი დამოკიდებულების შემთხვევაში რთული იქნება ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „შეგიძლიათ, გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების, გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით".
„ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ბრიუსელის ბიუროკრატიაა. რა თქმა უნდა, ისინი მილიონ საბაბს მოიფიქრებენ. გერმანიის ელჩი პირველი არ არის, ვინც ამას ამბობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი და მისი დამოკიდებულებები შეიცვალოს. მან პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. ვიდრე ჩვენი ეროვნული ინტერესების პატივისცემა არ დაიწყება ბრიუსელში, ასეთ ხალხთან ურთიერთობა გაგვიჭირდება. საბჭოთა კავშირი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პატივს რომ არ სცემდა, ამიტომ გამოვექეცით და ახლა თავი უნდა შევყოთ ისეთ ბიუროკრატიაში, რომელიც ისე მოგვექცევა, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვექცეოდნენ და ეროვნული ინტერესები, საჭიროებები გათვალისწინებული არ იყოს? ფიშერს ვეთანხმები, რომ მისნაირი დამოკიდებულების შემთხვევაში რთული იქნება ჩვენი კავშირი, ურთიერთობა ევროკავშირთან. ეს არის პრობლემა. ბრიუსელში ისეთი ბიუროკრატები სხედან, კანდიდატ ქვეყანას კი არა, წევრ ქვეყნებს ჩაგრავენ. ხედავთ, უნგრეთის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. მათ ინტერესებს არ ითვალისწინებენ. ახლა ლამის პოლონეთი აუჯანყდეთ, რადგან გეიქორწინების აღიარებას აიძულებენ. შეუძლია, ფიშერმა ამაზეც გვიპასუხოს. პოლონეთს გეიქორწინებას აძალებენ, ოღონდ ვირეშმაკული ქცევით, თქვენთან კი არ დაუშვათ, სხვაგან რომ წავლენ, ის აღიარეთო. ანუ, პოლონეთის მოქალაქეები საქორწინო ტურიზმში რომ გადავლენ გერმანიაში, იქ ხელს მოაწერენ, უკან დაბრუნდებიან და ოჯახი რომ დაერქმევათ, შესაკრებლების გადანაცვლებით, ჯამი ხომ არ იცვლება? გამოდის, რომ პოლონეთს აძალებენ, გეიქორწინება აღიაროს. არ ვიცი, ამ ჩამონათვალში გამორჩათ თუ ტოვებენ ოჯახური ღირებულებების კანონს, რომელიც, სინამდვილეში მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჩვენთან არც გეიქორწინებაა დაშვებული და არც აღიარება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა პეტერ ფიშერის განცხადების იმ ნაწილს, სადაც საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა: „საქართველოს სურდა ისეთი ვიღაცის ჩართვა, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. იმის გამო, რომ დაჟინებით სურდათ მისი მონაწილეობა, ევროკავშირმა გადაწყვიტა შეხვედრის გაუქმება".
პაპუაშვილის შეფასებით, „ელჩი იტყუება, რადგან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის".
„რაც შეეხება 21 ნოემბრის ბრიუსელის შეხვედრის ჩაშლას, ცუდი ფაქტია, როცა ელჩი იტყუება, რადგან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის და დელეგაცია ბრიუსელში მიდიოდა. არ ვიცი, რატომ დასჭირდა ელჩს ტყუილი, თითქოს ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირი იყო ამ დელეგაციაში. არ ვიცი, ესტონეთის ჭკუაზე თუ დადის ბრიუსელი", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :