03.12.2025 17:45
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა რომც ყოფილიყო, ამაში სენსაციური რა არის, თუმცა ასეთი შეხვედრა არ შემდგარა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრს დაუსვეს კითხვა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
„შეხვედრა თუნდაც რომ ყოფილიყო, ამაში სენსაციური რა არის, თუმცა ასეთი შეხვედრა ჩემსა და ბრიტანელ მინისტრს შორის არ შემდგარა. სხვადასხვა მინისტრთან არაერთხელ შემდგარა სატელეფონო საუბარი, ბუნებრივია, უნდა მქონდეს და მაქვს კიდეც. როდესაც ინფორმაციის გასაჯაროება არ ხდება, ესეც, მხარეებს შორის გამართული საუბრის შინაარსიდან გამომდინარეობს. თუ გაინტერესებთ, რაზე იყო განსაკუთრებული აქცენტი ამ საუბარში, შემიძლია, გითხრათ, საუბარი, ერთი მხრივ, ეხებოდა იმას, რომ ბრიტანეთმა 17 წლის თავზე ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციას დაარქვა ოკუპაცია და, ასევე, საუბარი შეეხო სანქციების საკითხს, მათ შორის იმ საკითხს, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს და აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს სანქციების თავის ასარიდებლად გამოყენებული. არ მგონია, ამ ორ თემაში რაიმე სენსაციური, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. მისი გასაჯაროება - არგასაჯაროება არაფერს ცვლის ქართული საზოგადოებისთვის. მეორე, რას ემსახურება ტყუილები შეხვედრასთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ავრცელებს მსგავს ინფორმაციას გადაუმოწმებლად", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :