05.12.2025 00:55
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე და „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან უაპელაციო ბრალდებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქციების დროს აკრძალული ნივთიერება გამოიყენა.
ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მტკიცებულებების გარეშე ბრალდებაზე ამბობს, რომ საგულისხმოა, „ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებმაც საქართველოს წინაშე ძალიან სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს" და იხსენებს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელსაც ხელი მოაწერეს.
ქადაგიშვილის თქმით, „ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი საქართველოს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ, მათ შორის, BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო".
დეპუტატი ამბობს, რომ მათთვის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება უცხო არ არის.
„ჩვენ უნდა შევაფასოთ, პირველ რიგში, ვინ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ამ კამპანიას. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე საქართველოს ჯარს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება დააბრალეს და ეს განცხადებები უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთდა. შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასახეს და ხელიც მოაწერეს. ამიტომ, მათთვის უცხო არ არის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება და დღესაც სწორედ ეს ადამიანები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული, გამოიყენა საქართველომ. მაგრამ, მაშინდელი დროისგან განსხვავებით, დღეს მათ ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმიტომ, რომ დღეს საქართველო და საქართველოს სახელმწიფო სულ სხვა განვითარების დონეზეა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :