06.12.2025 18:23
სუს-ის გამოძიებითაც დადასტურდა ის, რა აბსურდის თეატრიც შემოგვთავაზეს ჩვენმა რადიკალებმა და ამ შემთხვევაში „ბიბისი" ჰყავდათ ამ ყველაფერში ჩართული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ერთ დროს ასეთი რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა ასეთი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე.
„თუმცა, გასაკვირი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულმა ბანკმაც კი შესწირა თავისი რეპუტაცია, რათა საქართველოში ზეწოლა განეხორციელებინათ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე და რა თქმა უნდა, ასეთი ზღაპრების უკვე ჩვენს მოქალაქეებს არ სჯერათ. გამოძიების გარეშეც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს არის ჩვეულებრივად სიცრუე და მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები დაველოდოთ. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, თითქოს ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული", - განაცხადა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება, ლაშა შერგელაშვილს, რომელიც „ბიბისის" ფილმშიც მონაწილეობს და რომელთან დაკავშირებითაც დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზეც გაკეთდა განცხადება, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ შერგელაშვილი არის ჩვეულებრივი აგენტი, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება.
„ძალიან საინტერესო არის ამ ადამიანის როლი ზოგადად 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და სუსმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა უკვე განცხადება. გამოძიება დაწყებულია და არავის არ გაუკვირდება, რომ გამოიკვეთოს მისი ბრალეულობა და დადასტურდეს, რომ პარალელურად კიდევ აჟიოტაჟი შემოეტანა და დივერსიული აქტები განეხორციელებინა საქართველოში. ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ მან უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უღალატა თავის ქვეყანას, თუმცა ჩვენ ტყუილად ასეთ ადამიანებს უსამშობლოებს არ ვეძახით, ისინი ეთნიკურად არიან ქართველები მხოლოდ, დანარჩენი ემსახურებიან უცხო ძალებს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, უწყების გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული ანივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ის განცხადებით, შსს-ს ბრომობენზილ ციანიდი", იგივე „კამიტი" არასდროს შეუძენია.
ამასთან, როგორც სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა „ბიბისის" მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები. ლაშა მაღრაძის თქმით, აღნიშნული პირის მიმართ სუს-ში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.
ავტორ(ებ)ი :