07.12.2025 19:01
პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ევროპა ჯერ არ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მისი სამრეწველო სუვერენიტეტი გარკვეულწილად უკვე გადაეცა პეკინს", - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თუ ევროკავშირში არ იქნება ცვლილებები, არაა გამორიცხული, რომ "გეოპოლიტიკურ ბირჟაზე" მისი გაუფასურება მოხდეს.
„თუ ევროკავშირმა ასე გააგრძელა, არაა გამორიცხული სავაჭრო-გეოპოლიტიკურ „ბირჟაზე" მისი გაუფასურებული აქციები ვიხილოთ. ასეთ შემთხვევაში, ჩინეთს პირდაპირი მნიშვნელობით არ შეუძლია „ევროკავშირის ყიდვა", მაგრამ მას შეუძლია ეს „ნაწილ-ნაწილ" გააკეთოს - ვალების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის, პორტების, ენერგეტიკის, ინდუსტრიისა და ბაზრისადმი დამოკიდებულების მეშვეობით.
და დიახ, სწორედ ევროკავშირის შესუსტება, მისი გაკოტრება და ტრამპის პოლიტიკა ხსნის ამ შესაძლებლობების ფანჯარას ჩინეთისთვის.
ჩინეთი ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს როგორც „ინვესტორი", არამედ როგორც ცივილიზაციური სტრატეგი, რომელიც:
ყიდულობს არა ტერიტორიებს, არამედ საკონტროლო კვანძებს; პირდაპირ არ იტაცებს პოლიტიკურ ძალაუფლებას, არამედ ქმნის მასზე შეუქცევად დამოკიდებულებას; ფინანსურ კრიზისებს იყენებს ახალ საბაზრო სივრცეში ხელსაყრელ წერტილებად.
ევროკავშირი თანდათანობით შედის დაგროვილი უკუსვლის ფაზაში, რასაც განაპირობებს ენერგეტიკული დამოკიდებულება აშშ-ზე; გერმანიის ინდუსტრიული დაცემა იაფი რუსული ენერგიის უარყოფის გამო; საფრანგეთისა და იტალიის ვალების კრიტიკული დონე; მიგრაციული კრიზისი.
აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის მზარდი განხეთქილება; თავდაცვის დამოკიდებულება NATO-ზე, ხოლო NATO-ს - აშშ-ზე.
ეს არის ცივილიზაციური დაუცველობის კლასიკური სიმპტომი, რომელშიც ჩინეთი ძალიან ფრთხილად, „მილიმეტრ-მილიმეტრში" შედის. ამ კომბინაციაში ტრამპი ხელსაყრელ სტრატეგიულ ვაკუუმს ქმნის, ძალზე მარტივი ლოგიკით: „ევროპა - რომელიც არ იხდის, აღარაა ამერიკის მოკავშირე", რაც ნიშნავს: ამერიკული სამხედრო ყოფნის შემცირებას, NATO-ს შესუსტებას,
ბრიუსელის „ცენტრის" გაკოტრებას. ხოლო როდესაც აშშ გადის ევროპის კონტინენტიდან - ჩინეთი ავტომატურად ხდება მისი ალტერნატივა.
ჩინეთს რა თქმა უნდა არ შეუძლია „ევროკავშირის პირდაპირი ყიდვა", მაგრამ ირიბად - აბსოლუტურად კი. ჩინეთმა ეს უკვე გააკეთა ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში: საბერძნეთში - პირეოსის პორტი (COSCO-ს კონტროლი);
იტალიაში - ტრიესტის, ჯოია ტაუროს პორტები (წილობრივი მონაწილეობა);
ესპანეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში - საპორტო ლოგისტიკაში მნიშვნელოვანი წილი აქვთ.
გარდა ამისა, უნგრეთსა და სერბეთში საკვანძო სატრანსპორტო კავშირებს ფლობს; ჩეხეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში - ათობით ლოგისტიკური ცენტრი აქვს. გერმანიასა და ესპანეთში მზის ელექტროსადგურების მფლობელია; იტალიის ელექტროქსელებში - მეწილეა; საფრანგეთში წყალბადის პროექტებში აქტიური მონაწილეა. ისეთი ავტოკომპანიებით, როგორებიცაა BYD-ი, Geely-ი და სხვათა მეშვეობით, ჩინეთი: აქტიურად შედის ევროკავშირის ბაზარზე, წარმატებულად ანაცვლებს ადგილობრივ მწარმოებლებს, ევროპულ ქარხნებს საკომპლექტაციო ნაწილების წარმოებად გარდაქმნის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩინეთი არ ყიდულობს ევროკავშირს. ის ყიდულობს ევროპული ეკონომიკის „კრიტიკულ წერტილებს" - ევროპა ჯერ არ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მისი სამრეწველო სუვერენიტეტი გარკვეულწილად უკვე გადაეცა პეკინს.
საერთაშორისო პროექტი: „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის ინტენსიფიკაცია - ასევე პირდაპირ არის დაკავშირებული ევროპის დასუსტებასთან.
ბოლო სამი წლის განმავლობაში: BRICS, SCO, C5+1 და ახლა C5+სამხრეთ კავკასია წარმოადგენდა ჩინეთის მიერ შექმნილ არქიტექტურას, როგორც ევროკავშირის/აშშ-ის ალტერნატივას. ჩინეთი საგრძნობლად გაძლიერდა ცენტრალურ აზიაში: ყაზახეთის საექსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძინა; ყირგიზეთი და უზბეკეთი სატრანზიტო პროექტებში ჩართო; ამოქმედდა ახალი ლიანიუნგანგ-ალმატი-კასპიის ზღვის დერეფანი.
ასევე გაძლიერებულია ჩინეთის ეკონომიკური პოზიციები სამხრეთ კავკასიაში - კავკასია ერთადერთი სახმელეთო მასივია, რომელსაც შეუძლია ჩინეთი ევროპასთან დააკავშიროს აშშ-ის კონტროლის გარეშე.
ამიტომ, ჩინეთმა: გაზარდა ინვესტიციები საქართველოში; მონაწილეობს პორტების პროექტებში და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობაში; საქართველო „შუა დერეფნის" ძირითად ელემენტად ჩართო. პარალელურად, ჩინეთი ორი გზით აძლიერებს „ევროპის ეკონომიკურ ალყას":
აღმოსავლეთ ევროპის ღარიბი ქვეყნების (უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი) მეშვეობით;
ინდუსტრიულად სასოწარკვეთილი ლიდერების (გერმანია, იტალია, საფრანგეთი) მეშვეობით.
ერთადერთი - ჩინეთს არ შეუძლია აშშ-ის ჩანაცვლება ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით - მას არ აქვს
სამხედრო ბაზები ევროპაში, არ აქვს მზა უსაფრთხოების არქიტექტურა. მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით: ლოგისტიკაში, ენერგეტიკაში, ნედლეულის დამუშავებაში, სამრეწველო წარმოებაში - ჩინეთი ყოველთვის მიდის იქ, სადაც სისუსტე სასოწარკვეთილებაში გადადის.
ევროკავშირი დღეს სწორედ ასეთ მდგომარეობაშია"- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ავტორ(ებ)ი :